1-2 დეკემბერს სპორტს კომპლექს „ახალ თაობაში“ ბადმინტონის გამოჩენილი ქართველი მოთამაშის გია ენუქიძის თასის გათამაშება ჩატარდება. შეჯიბრის ორგანიზატორი საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციაა, მხარდამჭერი კი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
ტურნირი პირველად იმართება და ორგანიზატორთა განცხადებით, ტრადიციულ სახეს მიიღებს. მისი მიზანი ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია და განვითარება, უძლიერესი მოთამაშეების გამოვლენა, ასევე მონაწილეებისა და მაყურებლისთვის საქართველოს ბადმინტონის ისტორიის გაცნობაა.
შეჯიბრი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით, როგორც ერთეულთა თანრიგში, ასევე წყვილებსა და შერეულ კატეგორიაში. გამარჯვებულები მედლებით, დიპლომებით, თასებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.