„თბილავიამშენის" თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ
„თბილავიამშენის" თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ

„თბილავიამშენის” თანამშრომლები ხელფასების მომატებისა და საპრემიო სისტემის დანერგვის მოთხოვნით, დღეს  გაიფიცნენ.

დაახლოებით 80- მდე სპეციალისტი აცხადებს, რომ გენერალი დირექტორის, ნოდარ ბერიძის მხრიდან ანაზღაურების გაუმჯობესებაზე პირობა ჰქონდათ მიღებული, რომელიც ქარხნის ხელმძღვანელობამ არ შეასრულა. გაფიცული ავიაინჟინრის, ოთარ ბახტაძის თქმით, ამ დროისთვის ქარხანაში სამუშაო პროცესი შეჩერებულია და მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აღდგება.

„თბილავიამშენის” კოლექტივს რამდენიმე მოთხოვნა აქვს,  ხელფასების მატება შესრულებულ სამუშაოსთან შესაბამისად და საპრემიო სისტემის დანერგვა, რომლის პირობაც ჩვენ მივიღეთ უშუალოდ დამსაქმებლისგან. ეს არის ძირითადი პრობლემა, რის გამოც ხალხი  უკიდურეს ზომამდე მივიდა. ვცადეთ მედიატორის ჩართულობა, მაგრამ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას და დღეს დილის 9:00 საათზე დაიწო აქცია. სამუშაო პროცესები ქარხანაში შეჩერებულია და აქციები გაგრძელდება, სანამ არ დაკმაყოფილდება ძირითადი მოთხოვნები”, – განაცხადა ოთარ ბახტაძემ.

,,თბილავიამშენის” თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებენ და აქციაზე იმყოფებიან საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლები. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, აქცია კანონიერია. ლავრენტი ალანია ამბობს, რომ დასაქმებულებმა 21- დღიანი მედიაციის პროცესიც გაიარეს, თუმცა უშედეგოდ.

„ამ ხალხმა ყველა კანონიერი გზა გაიარა- მოლაპარაკება, მედიაცია, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.  აქედან გამომდინარე, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ამ ხალხმა მიიღონ კუთვნილი ანაზღაურება. ხალხი წლებია მუშაობს და უვადო ხელშეკრულებებს არ უფორმებენ. ჩაცუცქული მოლაპარაკება არ უნდა იყოს. მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას, როგორ ემუქრებიან, რომ თუ გაიფიცებოდნენ, სხვებს მოძებნიან” – განაცხადა ლავრენტი ალანიამ.

საავიაციო ქარხანა ,,თბილავიამშენის” 94 პროცენტს ეკონომიკის სამინისტრო ფლობს. 6 პროცენტი კი, სააქციო საზოგადოებას ეკუთვნის. გაფიცული თანამშრომლები სააქციო საზოგადოების ბალანსზე იმყოფებიან.

 

დატოვე კომენტარი