თაზო დათუნაშვილი - შეიძლება, არ მოგწონთ წინააღმდეგობის მოძრაობის, ერთობის ფორმა, მაგრამ ეს ქმედითია, ჩვენ არ შევთანხმებულვართ ისეთ რაღაცებზე, რაზეც განსხვავებული აზრებია
რამე მტკიცებულება რომ ჰქონდეთ, ერთი მაინც, მყარი, რომელიც მათ განცხადებას რამე ფორმით ამყარებს, ხომ არ გაქვთ იმის ილუზია, რომ „ქართული ოცნება“ არ გადადგამდა ქმედით ნაბიჯებს და ამ ყველაფერში დამნაშავე ადამიანებს არ დაიჭერდა? – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თაზო დათუნაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„არ არსებობს ასეთი რაღაცები, როგორც არ არსებობს „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია და ის კონსპირაციის თეორიები, რომელშიც აცხოვრებენ ქვეყანას, ეკონომიკური თვალსაზრისით დღეს რომ სულს ღაფავს“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ ვერ თანხმდება ოპოზიცია ერთიანობაზე, თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, რომ შედეგი არის უწყვეტი აქციები და ხელისუფლების საერთაშორისო არაღიარება.
„შეიძლება, თქვენ ეს მოგწონთ, ვიღაცას არ მოსწონს და შეიძლება, ეს თქვენც არ მოგწონთ, როგორია ფორმა წინააღმდეგობის მოძრაობის და ერთობის, კოორდინაციის, რომელიც ჩვენ შევკარით, მაგრამ ქმედითია. ჩვენ იმ მაგიდის გარშემო არ შევთანხმებულვართ ისეთ რაღაცებზე, რომელზეც შეთანხმება ძნელია, არ გამოდის და განსხვავებული აზრები არსებობს“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
მისი თქმით, თეა წულუკიანი საგამოძიებო კომისიაში პოლიტიკურ მასკარადს აწყობს, იქ თუ გახარია მივიდა, მან თავისი თავი დაიზიანა და ზედმეტი ყურადღება მიაპყრო ამ ცუდ სანახაობას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ გახარიას არ დაელაპარაკება.
„იმ ერთობაში ისევ დაველაპარაკებით, ისევ ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რომელიც გვაერთიანებს და ისევ არ ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რომლებიც გვშლის“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა მათი კოალიცია მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, დათუნაშვილმა განაცხადა, რომ, როგორც მათი კოალიცია თვლის, ახლა არის მნიშვნელოვანი კონცენტრირება სამ კომპონენტზე.
„ერთი, ეს არის აქციების გაგრძელება, ამ აქციების უფრო მყარ და ღონიერ ეტაპზე გადასვლა, ვგულისხმობ, რომ უფრო ფართო, მწვავე და მასშტაბიანი იყოს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ცალსახად მშვიდობიანი. ეს ერთი მდგენელია; მეორე მდგენელი არის საერთაშორისო არაღიარების გაგრძელება და სანქციების უფრო გაღრმავება-გამკაცრება; მესამე მდგენელია ძლიერი პოლიტიკური ალტერნატივის ჩვენება „ქართული ოცნებისათვის““, – განაცხადა დათუნაშვილმა.
შეკითხვაზე, არის თუ არა მიღებული გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე, დათუნაშვილმა განაცხადა, რომ ისინი ახლა ამაზე არ საუბრობენ.
„ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენთვის ახლა არ არის მომენტი, როცა თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკი არის რელევანტური ან საინტერესო. საერთოდ არ ვლაპარაკობთ ამაზე და გადაწყვეტილებაც არ გვაქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ახლა არის, ვკონცენტრირდეთ, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნოს და პოლიტიკური პატიმრები გამოუშვან საპატიმროებიდან“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
დათუნაშვილმა ასევე აღნიშნა,რომ ისინი ახლა კონცენტრირებული არიან, გაააქტიურონ და აქტიურ პროტესტში ჩართონ მეტი ადამიანი, ვინც ახლა ტელევიზორში უყურებს.
„საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა დღეს ძალიან მძიმე ვითარებაშია. ყოველი მესამე ქართველი არის სოციალურად დაუცველი, ყოველი სხვა მესამე ქართველი დახმარებას იღებს უცხოეთიდან, ჩვენი ემიგრაციის საფუძველზე და მილიონზე მეტი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან ემიგრაციაში 10 წლის მანძილზე და კარგი ქვეყნიდან არ გარბიან ადამიანები“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.