თაზო დათუნაშვილი – „ქართული ოცნება“ ე.წ. განათლების რეფორმას ისტორიის გადაწერით აგრძელებს, საქართველოს მომავლის წინაშე რასაც ჩადის, არის საგანმანათლებლო სისტემის სრული კრახი
„ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. განათლების რეფორმა 1-6 კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულო სასკოლო ფორმების დაწესებით და სასკოლო წიგნების ყდების შეცვლით დაიწყო და საქართველოს ისტორიის გადაწერით აგრძელებს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი მოსწავლეებისთვის ფორმებს ჩინეთში შეკერავენ, ადგილობრივი წარმოების სტიმულირების ნაცვლად, „ოცნება“ მილიონობით დოლარის ღირებულების კონტრაქტს ჩინურ ერთკაციან კომპანიას უფორმებს.
„საქართველოში, უკვე წლებია, ოპერირებენ ქართული კომპანიები, რომლებიც ტექსტილის წარმოებაში არიან საუკეთესოები მთელ ევროპაში. კერავენ ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიც არის, მაგალითად, Puma, Nike, Adidas-ი, Moncler-ი და სხვა. ამ ფონზე, ათეულობით მილიონი დოლარის ჩინურ კომპანიაში გაშვება არის ეკონომიკური დანაშაული „ქართული ოცნების“ მხრიდან. ამ ინდუსტრიაში ასეთი მასშტაბის ფინანსური რესურსები, ერთი მხრივ, ძალიან დიდ განვითარებას მოიტანდა და დამატებით საქართველოს ასობით მოქალაქეს დაასაქმებდა. რაც მთავარია, საქართველოში სკოლის მოსწავლეებისთვის ეს აბსურდული ფორმების შესყიდვის სიმძიმე მოსწავლეების ოჯახებზე უნდა გადატყდეს, მათ უნდა შეიძინონ.
ამ 14 წლის განმავლობაში აბსურდული რეფორმების შედეგად განათლების სისტემაში „ქართული ოცნების“ მიერ დატრიალებული კოშმარი ასე გამოიყურება: გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) შეფასებით, საქართველოში მასწავლებლის გამოცდას მინიმალურ ზღვარზეც კი ვერ აბარებს ფიზიკის მასწავლებლების 80%, ქიმიის მასწავლებლების 71% და ბიოლოგიის მასწავლებლების 60%. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამ საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში მასწავლებლების ნახევარზე მეტი არაკვალიფიციურია მინიმალური ზღვარის დასაკმაყოფილებლად; PISA-ს კვლევით, საქართველო წაკითხულის გააზრებაში 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა, მათემატიკაში – მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი – 66-ე; Unicef-ის და საქსტატის ერთობლივი კვლევის თანახმად, ბავშვების 35%, ვინც დადის სკოლაში, არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში, რადგან ამის საშუალება არ აქვს და სახელმწიფო მას ამით არ უზრუნველყოფს; იმავე კვლევის თანახმად, უფულობის გამო ბავშვების 45.3% არ აქვს მისთვის სასურველი, სულ მცირე, ერთი აუცილებელი სასკოლო მასალის შეძენის საშუალება, ანუ საქართველოს მოსწავლეების 45% ან კომპიუტერის, წიგნების, ან სახატავი მასალის გარეშე სწავლობს; სხვა ქვეყანაში ემიგრაციის გამო მხოლოდ 2020-2025 წლებში 22 737-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა. „ქართული ოცნება“ კი დუმს და ყველას ეუბნება, რომ ქვეყნიდან წავიდნენ; დანგრეულია ათობით სკოლა, რომელთა რეაბილიტაციის ფულიც პირდაპირ არის წასული „ოცნებასთან“ დაკავშირებულ კომპანიებში, მათი ნაწილი სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ არის, მეორე ნაწილი ისევ აგრძელებს ოპერირებას. წლებია, მოსწავლეები თავიანთ სკოლებში ვერ დადიან; ათიათასობით მოსწავლე სწავლობს საკუთარი სახლიდან და უბნიდან ბევრად შორს მდებარე სხვა სკოლებში და საჭიროებს ტრანსპორტირებას. აქაც კორუფციული სქემაა და ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ ის კომპანიები, რომლებიც არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები ან მათთან დაკავშირებულები“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
მისივე თქმით, რასაც „ქართული ოცნება“ ჩადის საქართველოს მომავლის წინაშე, არის საგანმანათლებლო სისტემის სრული კრახი.