თაზო დათუნაშვილი - ფასების შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა ნულოვანი შედეგით, ხელისუფლებას არათუ პოლიტიკური ნება, არც ეკონომიკური ხედვა არ აქვს, რაიმე ქმედითი შესთავაზოს მოქალაქეებს
თაზო დათუნაშვილი - ფასების შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა ნულოვანი შედეგით, ხელისუფლებას არათუ პოლიტიკური ნება, არც ეკონომიკური ხედვა არ აქვს, რაიმე ქმედითი შესთავაზოს მოქალაქეებს

ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის მილიონერთა შემადგენლობამ მუშაობა დაასრულა ნულოვანი შედეგით, როგორც მოსალოდნელი იყო, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კომისიის მუშაობა აჩვენებს, რომ „ხელისუფლებას არათუ პოლიტიკური ნება, არც ეკონომიკური ხედვა არ აქვს, რაიმე ქმედითი შესთავაზოს საქართველოს მოქალაქეებს“.

„სამაგიეროდ, უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ კოლმეურნეობის პარტიული დირექტორების დანიშვნას სხვადასხვა რაიონში, რომლებიც სამამულო წარმოების პროდუქტების ჩამბარებელ პუნქტებს უხელმძღვანელებენ. არცერთი სიტყვა არ მომიგონია, არამედ გამოიყენეს კომისიის დასკვნით სხდომაზე, აგრეთვე ნახსენებია იმ 104-გვერდიან სრულ იდიოტიზმში, რომელსაც კომისია დასკვნას ეძახის. ამ კომისიას არ დაუდია არავითარი ქმედითი ნაბიჯი, არცერთი კონკრეტული შემოთავაზება, რომელიც ფასების შემცირებაზე იმოქმედებდა და რაც იყო მთავარი მიზანი კომისიის შექმნისა. კომისიამ ილაპარაკა რაღაც სტრუქტურულ ცვლილებებზე, მიწოდების ჯაჭვის, ტრანსპორტირების პრობლემაზე, თითქოს საქართველოს მოქალაქეებმა და მეწარმეებმა ეს არ იციან. არ ყოფილა არცერთი კონკრეტული შემოთავაზება, ქმედითი ნაბიჯი, რომელზეც სახელმწიფოს რეალური გავლენა შეიძლება ჰქონდეს, იქნება ეს აქციზის შემცირება, სხვა გადასახადების დაწევა, საგადასახადო ტვირთის შემცირება, სახელმწიფო სერვისებზე ფასის დაკლება ან რაიმე სხვა. პირიქით, აბსოლუტურად უშინაარსო, არაკომპეტენტური, ელემენტარული ეკონომიკის უცოდინრობის დონეზე დაყვანილი რეკომენდაციები გასცეს. ეს კომისია და მისი მუშაობა ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლებას არათუ პოლიტიკური ნება, არც ეკონომიკური ხედვა და არავითარი ინტელექტუალური უნარი არ აქვს, რაიმე ქმედითი შესთავაზოს საქართველოს მოქალაქეებს. კომისიის დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც დასაწყისშივე ამბობდით. ქვეყანაში, სადაც ყველა ძირითადი სასურსათო პროდუქტის 80% იმპორტირებულია, ადგილობრივი წარმოება, ფაქტობრივად, არ არსებობს და ხელის შემშლელი ფაქტორებია, აბსოლუტური ნონსენსი, მტკნარი სიცრუე, საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფაა, რომ ფასების კონტროლზე რაიმე ზეგავლენა ჰქონდეს ხელისუფლებებს, გარდა საგადასახადო ტვირთის შემცირებისა. საპირისპირო მივიღეთ თავიდან ბოლომდე – 7.5%-ით გაზრდილი ინფლაცია, შესაბამისად, გაზრდილი ფასები ყველა სასურსათო პროდუქტზე; საწვავის ფასი დაახლოებით ლარით არის გაზრდილი; კასკადურად გაზრდილი ფასები ყველა მომსახურებასა და პროდუქტზე; ელექტროენერგიის ფასი 30%-ით გაზრდილი. შესაბამისად, ყველა სერვისისა და პროდუქტის ფასის დამატებით გაზრდაა მოსალოდნელი. ასევე სახელმწიფო სერვისებზე გაზრდილი საფასურები მივიღეთ. ეს არის რეალური შედეგი ამ კომისიის მუშაობის.  შეუძლებელია, ამ სამთვიანმა ბინძურმა პროპაგანდისტულმა ავანტიურამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის გარეშე ჩაიაროს. ამ სიმახინჯეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებულ ირაკლი კობახიძეს. ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ვაჟკაცობა და თქვას, რომ მისმა ავანტიურამ სრული კრახი განიცადა“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა.