თაზო დათუნაშვილი - აშშ-თან ურთიერთობების დალაგება საქართველოს მოქალაქეების ინტერესშია, რუსულ რეჟიმს და მის გავლენას შეაჩერებს ერთადერთი დიდი ძალა, შეერთებული შტატები
აშშ-თან ურთიერთობების დალაგება საქართველოს მოქალაქეების ინტერესშია, რუსულ რეჟიმს და მის გავლენას შეაჩერებს ერთადერთი დიდი ძალა – შეერთებული შტატები, ტრამპის მოქმედი ადმინისტრაციის დამოკიდებულება. ერთადერთი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გადაარჩენს, არის შეერთებული შტატების ჩარევა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
დათუნაშვილს კითხვა დაუსვეს მმართველი გუნდის განცხადებაზე, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრები აპრილისთვისაც არის დაგეგმილი.
„ივანიშვილის კომიკური შაპიტო არ არის საბჭოთა კავშირი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მასთან ურთიერთობა გადატვირთოს. არავითარ გადატვირთვაზე, იდიოტიზმზე ლაპარაკი არ არის. ლაპარაკი არის იმაზე, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მიიღებს იმ პირობებს, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა წააყენა, ქვეყანას გამოაცლის რუსეთს კლანჭებიდან, დაივიწყებს რუსულ გავლენებს და საქართველოს დააბრუნებს ნორმალურ, ცივილიზაციური განვითარების კალაპოტზე, ისტორიულ გეოპოლიტიკურ გზაზე, რაც არის ინტეგრაცია ცივილიზებულ სამყაროსთან, დასავლეთთან. ამას იზამს ან არაფერი გამოვა ამ რაღაც სასაცილო იდიოტიზმიდან. ბაქიბუქი, ხან იმის წამოცდენა, ხან ამის ძახილი, რომ ჩამოვლენ, გადატვირთავენ – ამათ არავინ აღიქვამს ნორმალურ ადამიანებად, რომლებთანაც შეიძლება, რამე გადატვირთო. ჩვეულებრივი კრიმინალური დაჯგუფებაა. შეერთებული შტატების მოქმედი მთავრობა მათ იმ პირობებს წაუყენებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამოდის. ეს პირობები მაგიდაზე დევს, რის შესახებაც ბევრჯერ განუცხადებია შეერთებულ შტატებს. ყოველ სამ თვეში ერთხელ ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ამ განცხადებას გააცოცხლებს, თუ ივანიშვილი მოთხოვნებს შეასრულებს, ურთიერთობები დალაგდება. ურთიერთობების დალაგება საქართველოს მოქალაქეების ინტერესშია, რატომ? რუსულ რეჟიმს და მის გავლენას შეაჩერებს ერთადერთი დიდი ძალა, ესაა შეერთებული შტატები და ტრამპის მოქმედი ადმინისტრაციის დამოკიდებულება. ერთადერთი შემაკავებელი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გადაარჩენს, არის შეერთებული შტატების ჩარევა. ამიტომ ყველა ძალიან ყურადღებით ვუყურებთ პროცესს, არანაირი კულუარული შეთანხმება არ არის, ყველაფერი ზედაპირზე დევს. ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს რუსული გავლენები და ქვეყანა განვითარების ნორმალურ კალაპოტში დააბრუნოს“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.