თაზო დათუნაშვილი - ევროსასამართლომ დააყენა მაშინდელი შს სამინისტროს, პროკურატურის, საერთო სასამართლოების პასუხისმგებლობის საკითხი, გახარია მთავარი ფაქტორი არ არის
თაზო დათუნაშვილი - ევროსასამართლომ დააყენა მაშინდელი შს სამინისტროს, პროკურატურის, საერთო სასამართლოების პასუხისმგებლობის საკითხი, გახარია მთავარი ფაქტორი არ არის

გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი მთავარი არ არის, ევროსასამართლო განიხილავს დავას კონკრეტულ მოქალაქეებსა და საქართველოს შორის, რომლებიც დაზარალდნენ, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამავე დროს, მისი თქმით, მაშინდელი შს მინისტრის პასუხისმგებლობის გამორიცხვა შეუძლებელია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა იყო, ოღონდ ამ პასუხისმგებლობის ვერტიკალი არსებობს. პირველი პასუხისმგებელი პირი არის ამ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილი. არ არსებობს „ქართული ოცნების“ ვერტიკალში გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისგან არ გამომდინარეობს. „ოცნების“ სისტემიდან გახარიას გამოქცევა რომ ყოფილიყო, არ დაწინაურდებოდა პრემიერ-მინისტრად. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება იყო „ქართული ოცნების“ სისტემაში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის ნაწილიც იმ მომენტში იყო ბატონი გახარია. ოღონდ ესეც არის ამ თემის რაღაც აბსოლუტური პერვერსია, რათა ყველაფერი გახარიას დაბრალდეს. არ არის ეს მართალი და ეს დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ. პასუხისმგებლობების საკითხები დააყენა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსი, ისე საქართველოს პროკურატურის, საქართველოს საერთო სასამართლოების და ყველას უთხრა, რომ იძალადეს ადამიანებზე და შემდეგ ხელი შეუშალეთ სამართლიანობის პოვნას. გახარია არ არის მთავარი ფაქტორი ამ ყველაფერში, მაგრამ ცალსახაა, ის არის ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი იმ პროცესების. ოღონდ სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ ის არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.