თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ ახალ ოპოზიციურ ალიანსს არ უერთდებიან, რადგან ბევრ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ
ჩვენი ლიდერები ძალიან აქტიურად არიან ჩართული პარტიულ ცხოვრებაში, – ასე უპასუხა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თაზო დათუნაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რატომ არ ჩანან „ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბოლო პერიოდში?
„ის, რომ ისინი საჯაროდ ახლა არ პოზიციონირებენ, ეს არის განპირობებული იმით, რომ ასეთი პოლიტიკურ სტრატეგია აქვს დღეს ჩემს პარტიას და მეტი არაფერი“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
შეკითხვაზე, – რა არის ეს სტრატეგია, რომ არ გამოჩდნენ პარტიის დამფუძნებლები? – დათუნაშვილმა უპასუხა: „არა, ეს სტრატეგია როგორ შეიძლება იყოს? მე ვთქვი, ეს სტრატეგიის ნაწილია-მეთქი, რომელიც ახლა პარტიას აქვს“.
მისი თქმით, პარტია „ლელო“ პოზიციონირებს იმ ალტერნატივად, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ახლა ძალიან სჭირდებათ.
„იმიტომ, რომ საქართველომ შეაბიჯა ძალიან რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ქვეყანას მართავს პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება“, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენული ინტერესებიდან არ მოქმედებს, საქართველოს ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ამ ქვეყანას აკარგვინებს სუვერენიტეტს“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
როგორც დათუნაშვილმა აღნიშნა, შეუძლებელია, ამ ქვეყანაში ცხოვრება ნორმალურად იყოს და „ლელო“ სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს კომპეტენტურ ალტერნატივას.
„ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს კონკრეტულ, ძალიან მყარ ხედვას აბსოლუტურად ყველა საკითხზე, მიმდინარე პრობლემებზე, იქნება ეს საგარეო პრობლემა, სრულიად დისკრედიტირებული სახელმწიფო თუ იქნება ეს შიგნით თავიდან ბოლომდე მომპალი სისტემა, კორუფციაში ჩაძირული ქვეყანა. აქ ყველაფერზე გვაქვს პასუხი, ყველაფერი, ვიცით, როგორ უნდა გაკეთდეს სწორად და ამ ალტერნატივას ვთავაზობთ იმ წერტილიდან, რა წერტილიდანაც ვთვლით სწორს, რომ არცერთი არჩევნების გვერდზე გაწევის ფუფუნება არ გვაქვს“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ არ შეუერთდა „ლელო“ ოპოზიციის ახალ ალიანსს, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ერთნაირი ხედვები ბევრ საკითხზე.
შეკითხვას, სად გაიყო მათი ხედვები კონკრეტულად, დათუნაშვილმა შეკითხვითვე უპასუხა: „ვერ ნახეთ, სად გვქონდა განსხვავებული ხედვები თვითმმართველობის არჩევნებზე? თვითმმართველობის არჩევნებზე ვერ ნახეთ, რომ განსხვავებული შეხედულებები გვქონდა პროცესებისადმი? საკმარისი არ არის?“
შეკითხვაზე, როგორ უყურებს ალიანსის სტრატეგიას, დათუნაშვილმა თქვა, რომ არ აინტერესებს და ამაზე პასუხს არ გასცემს.
დასმულ შეკითხვას, იმ კონტექსტში, რომ „ლელოსა“ და ალიანსის წევრების ხედვებს შორის მკვეთრი, ფუნდამენტური სხვაობები იყო, რასაც თავად ამბობს, დღევანდელი გადმოსახედიდან იყო თუ არა ასევე შეცდომა პარლამენტის ბოიკოტიც, რადგან საკრებულოს არჩვენებში „ლელოს“ ჩართვამ ეს კითხვა კიდევ უფრო გაააქტიურა, ამის გამო პარტიამ დანარჩენი ოპოზიციის საკმაოდ კრიტიკაც მიიღო და თავად ბადრი ჯაფარიძესაც აქვს ნათქვამი არჩევნების შემდგომ, რომ არჩევნებზე უარი იყო იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ოპოზიცია არის და ეს არის საღი აზრის მოკვლა, როდესაც მოსახლეობას არწმუნებენ, რომ არჩევაში მონაწილეობას აზრი არ აქვს, დათუნაშვილმა უპასუხა: „არა“.