თავშესაფრის მაძიებელთა ევროპული სააგენტოს დირექტორს კორუფციაში სდებენ ბრალს
თავშესაფრის მაძიებელთა ევროპული სააგენტოს დირექტორს კორუფციაში სდებენ ბრალს. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ჟოზე კარიერას საქმიანობით ევროკავშირის საგამოძიებო უწყებები დაინტერესდნენ.
კერძოდ, გამოცემამ მოიპოვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, მაღალჩინოსნის წინააღმდეგ გამოძიებას თალღლითობასთან ბრძოლის ევროპული სამსახური ატარებს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საქმე ეხება ევროკავშირის მიერ საბერძნეთში მიგრანტთა კრიზისის დროს გაწეულ საქმიანობას.
თავშესაფრის მაძიებელთა ევროპულ სააგენტოში დაადასტურეს, რომ გამომძიებლები უწყებას პირველად 9 ოქტომბერს, შემდეგ კი გასულ კვირას ესტუმრნენ, თუმცა აღნიშნეს, რომ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა და რაიმე კონკრეტულ საქმეზე კომენტარისგან თავი შეიკავეს.
თაღლითობასთან ბრძოლის ევროპულ სამსახურში ამბობენ, რომ გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე ფიგურანტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია. თუმცა, როგორც Politico წერს, გამოძიებამ აღმოაჩინა გარკვეული ფინანსური დარღვევები, რაც საბერძნეთში მიგრანტების მისაღები ცენტრების მშენებლობას უკავშირდება. კერძოდ, არსებობს ეჭვი, რომ ზოგიერთმა კომპანიამ სამუშაოების ჩატარების უფლება ტენდერის გარეშე მიიღო. ანონიმური წყაროს ცნობით, საუბარია მილიონობით ევროს მითვისებაზე.
საბერძნეთში ლტოლვილების მიღებისა და დროებითი განთავსების ცენტრების მშენებელობა ევროკავშირის დახმარების მთავარი ელემენტი იყო, რომელიც ბრიუსელმა 2015 წელის მიგრანტთა კრიზისის გადასაჭრელად შეიმუშავა. ამავე პერიოდში ევროკავშირმა თავშესაფრების მაძიებელთა ევროპული სააგენტოს ბიუჯეტი 16-დან 53 მილიონამდე გაზარდა.
სააგენტოს თანამშრომლები ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს თავშესაფრების მაძიებლებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაში ეხმარებოდნენ. თუმცა, როგორც Politico წერს, უწყებაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში ბევრი თანამშრომელი სამსახურიდან წავიდა.
სააგენტოს დირექტორი ჟოზე კარიერა სხვადასხვა დროს არაერთ ევროპულ უწყებაში მუშაობდა. მათ შორის ესპანეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, დიდი ბრიტანეთსა და პოლონეთშიც.
აღსანიშნავია, რომ ხმაურიანი სკანდალი იმ ფონზე აგორდა, როდესაც ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ ერთიანი მიდგომის შემუშავებაზე ჯერ ვერ თანხმდებიან. ამ საკითხზე დღეს ბულგარეთის დედაქალაქში დაგეგმილ შეხვედრაზე ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ.