თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა შემაჯამებელი საარჩევნო შეკრება გაიმართა.
პარტიის მხარდამჭერები ღონისძიებაზე დასასწრებად მთელი საქართველოდან შეიკრიბნენ.
შეკრების მონაწილეებს მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს ერთგულებისთვის, ნდობისთვის, თავდადებისთვის.
„მინდა, გულწრფელი მადლობით დავიწყო ჩემი გამოსვლა. დიდი მადლობა თქვენი ერთგულებისთვის, თავდადებისთვის, თქვენი სიმტკიცისთვის, თქვენი ბრძოლისთვის. მადლობა დღეს აქ მობრძანებისთვის, დიდი მადლობა ყველას. დღეს, აქ, თავისუფლების მოედანზე შევიკრიბეთ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები. ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს სწორედ აქ, ამ ადგილზე ვაჩვენეთ ქართველი ხალხის ძალა და სიბრძნე, ქართველი ხალხის მტკიცე სურვილი, იცხოვრონ თავისუფალ, სამართლიან, დემოკრატიულ, მშვიდობიან და ძლიერ სახელმწიფოში, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, ადამიანის ღირსება და თავისუფლება, სადაც ადამიანი და მისი სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა. 2012 წელს ჩვენი პარტიის დამფუძნებლის – ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ამ ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცებმა მშვიდობიანი აქციით განვაიარაღეთ ავტორიტარული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და ხელისუფლებას ჩამოვაშორეთ მკვლელების, ჯალათებისა და მოღალატეების პარტია, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური ძალა. ჩვენ დავაფუძნეთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რომლითაც ქვეყანა დღემდე იმართება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეკრების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ბრძოლა ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის და წინსვლისთვის გრძელდება.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი „ქართული ოცნება“, ეს არის ოცნება ერთიან საქართველოზე. ჩვენი ოცნებაა გაერთიანებული საქართველო, აფხაზეთისა და ცხინვალის, ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების დაბრუნება. ჩვენი ოცნებაა ეროვნული ერთიანობა, სადაც ადამიანებს არ ყოფს სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული ერთმანეთისადმი, სამშობლოსადმი, ეროვნული ღირებულებისადმი.
ჩვენი ოცნებაა, საქართველო ძლიერი ქალაქებით, ძლიერი სოფლებით, ძლიერი ოჯახებით. ჩვენი ოცნებაა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ამ ოცნებითა და მიზნებით შეიქმნა ჩვენი პარტია 2012 წელს და სწორედ ეს ოცნება და მიზნები, სამშობლოს სიყვარული და ეროვნული ფასეულობების ერთგულება მოგვცემს ძალას, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. სადაც არ არის სამართლიანობა და მშვიდობა, იქ არ არის წინსვლა და განვითარება. 30 ოქტომბერს გვიპირისპირდება არა ჯანსაღი, პოლიტიკური ოპონენტი, არამედ რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია, მუდმივი საფრთხეა ქართული სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის. 30 ოქტომბერს ტარდება ბოლო არჩევნები 2024 წლამდე, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა – ეს არის ორი ფაქტორი, რომელიც გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, საბოლოოდ დავამთავროთ ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაცია და ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ. ამისთვის კი, აუცილებელია, 2 ოქტომბრის გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდე მივიყვანოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეკრებაზე მისულ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ. „მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს მობრძანებისთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის. ჩვენ ვალდებულნი ვართ გავამართლოთ ეს ნდობა და ღირსეულად ვატაროთ პასუხისმგებლობის ტვირთი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება დემოკრატიული წესით აქვს მოპოვებული. „მინდა, შევახსენო ყველას, როგორც ჩემი თაობის წარმომადგენელმა, რომ დღეს ჩვენ, „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლება დემოკრატიული წესით გვაქვს მოპოვებული. სააკაშვილო, გამოიხედე ციხის საკნიდან, ნახე, რამდენი თავისუფალი ქართველია აქ, რომელსაც ახსოვს შენი მოძალადეობრივი რეჟიმი, რომელსაც არ უნდიხარ. დღეს ჩვენ კვლავ ვიბრძვით მის წინააღდეგ. ხომ ბევრს გეგონათ, ჩვენო მხარდამჭერებო, რომ თუ ეს დიდი ბოროტება ჩაჯდებოდა ციხეში, ბრძოლაც დამთავრდებოდა. არა, უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლა ასე მარტივად არ მთავრდება. ასე ცხოვრობდა ყველა ამ მიწაზე ჩვენამდე და ჩვენც წინ გვაქვს კიდევ ახალი და ბევრი ბრძოლა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
შეკრების მონაწილეებისადმი მიმართვისას რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ კი აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის მთავარი მიზანია, მოქალაქეებთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანოს ქვეყნის გაძლიერებაში. „მჯერა, ჩვენი დღევანდელი ერთად დგომა არის ძალიან ძვირფასი. ჩვენ დღეს გვჭირდება სულისკვეთება, რათა გზა, რომელიც ავირჩიეთ, მეტად დავანახოთ ადამიანებს, რომ არის თავისუფლებისა და წარმატების გზა. ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება და არ ვაპირებთ ვინმეს დავუთმოთ, რადგან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს დაწყებული, რომელსაც ბოლომდე მიყვანა უნდა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მეტ განვითარებასა და შესაძლებლობას მისცემს“, – განაცხადა ლაცაბიძემ.
თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ 30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთებთან, საბოლოო წერტილი დაუსვას ბოროტებას, სიცრუეს, დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში.
„2 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ყველას, რომ ქართველები თავისუფლებისმოყვარე, სამართლიანი და სწორი ღირებულებების მქონე ხალხი ვართ. ყოველმა მეორე მოქალაქემ ნდობა გამოუცხადა ჩვენს პოლიტიკურ ძალას, რომელიც, როგორც მმართველი პარტია, არის ამ ღირებულებების გარანტი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაგვაკისრა პასუხისმგებლობა, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის სიმტკიცე, დავიცვათ ადამიანის ღირსება და თავისუფლება. დღესაც, 21-ე საუკუნეში ჩვენი ეროვნული ფასეულობების – მამულის, ენისა და სარწმუნოების დაცვა ჩვენს ყოველდღიურ ბრძოლასა და თავდადებას მოითხოვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.