თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხეს „გაბედეს“ წევრებმა შავი ლენტი შემოავლეს
თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხეს „გაბედეს“ წევრებმა შავი ლენტი შემოავლეს

თბილისში, თავისუფლების მოედანზე ნაძვის ხის გარშემო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა შავი ლენტი შემოავლეს და წითელი საღებავით ხელის ანაბეჭდები დატოვეს. მათი აქცია 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას უკავშირდება.

„ამ ჟესტით გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი. სისტემა ადამიანებს კლავს და არაფერი გვაქვს საზეიმო. კახა კალაძეს კი უნდოდა, აქ „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ დაეწერა, რაც საბოლოო ჯამში ვეღარ გაბედა და „ისტორიით სავსე“ დააწერა. თბილისი ისტორიით სავსე ქალაქი იყო, მაგრამ დღეს საუბედუროდ გადაიქცა სისხლიანი ისტორიებით სავსე ქალაქად. ახალგაზრდები თავს იკლავენ იმის გამო, რომ სამართალდამცველებმა მათზე იძალადეს და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს.

საზოგადოების წევრები ვიქნებით დამნაშავეები, თუ არ შევეწინააღმდეგებით ამ სისტემას. ხვალ და ზეგ სხვა ადამიანები არიან საშიშროების წინაშე და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, 15 წლის ლუკა იყოს ამ სისტემის ბოლო მსხვერპლი“, – განაცხადა „გაბედეს“ წევრმა მიშა ქუმსიშვილმა.