თავისუფლების ბარომეტრი  - 30 ევროპული ქვეყნიდან საქართველო მე-13 ადგილზეა
თავისუფლების ბარომეტრი  - 30 ევროპული ქვეყნიდან საქართველო მე-13 ადგილზეა

„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის“ 2017 წლის თავისუფლების ბარომეტრის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, 30 ევროპულ ქვეყანას შორის საქართველო თავისუფლების ხარისხის მიხედვით მე-13 ადგილზეა. წინა წელთან შედარებით, ქვეყნის ქულა 1,6-ით გაიზარდა და 67.06 ნიშნულზეა.

ანგარიშში შეფასებულია ქვეყნის მიღწევები 10 მიმართულებით. საუკეთესოდ მიჩნეულია საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება (8.86 ქულა), მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში მთავრობის ხარჯები და გადასახადების დონე (8.09 ქულა).

საქართველოს მედიის თავისუფლების კუთხით 5.0 ქულა აქვს. ამასთან, წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად გაუმჯობესდა საქართველოს რეიტინგი სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, სადაც ქვეყნის ქულა 0,67-ით გაიზარდა და 5.67 შეადგინა.

რეიტინგის სათავეში ნიდერლანდები, ესტონეთი და გერმანია არიან. საქართველო კი ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანას უსწრებს, მათ შორის ხორვატიას, ბულგარეთს და საბერძნეთს. შერჩეულ ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი ვითარება აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და რუსეთშია.