„თავისუფალი დემოკრატები“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დავით უსუფაშვილს უჭერენ
„თავისუფალი დემოკრატები“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დავით უსუფაშვილს უჭერენ

„თავისუფალი დემოკრატები“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დავით უსუფაშვილს უჭერენ, – ამის შესახებ პარტიის წევრმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „თავისუფალ დემოკრატებსა“ და დავით უსუფაშვილს ერთობლივი ბრძოლის ხანგრძლივი და საკმაოდ სოლიდური ისტორია აქვთ.

„დღეს „თავისუფალი დემოკრატებიც“ და დავით უსუფაშვილიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოპოზიციას წარმოვადგენთ და ერთნაირად მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ხელისუფლების შეცვლა, რადგან მისი საქმიანობა ხელს აღარ უწყობს და მეტიც, ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. შესაბამისად, აფერხებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ასევე დამაზიანებელი იქნება რევანშისტულად განწყობილი პოლიტიკური ძალების ხელისუფლებაში დაბრუნება, რომელთაც თავის დროზე შეუქმნეს პრობლემა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და დღეს იმ ძალადობის აღიარება შეცდომადაც კი არ სურთ.

„თავისუფალ დემოკრატებსა“ და დავით უსუფაშვილს ერთნაირად მიგვაჩნია, რომ საჭიროა, შეიქმნას დასავლური ორიენტაციის ახალი პოლიტიკური ცენტრი, რომელმაც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.