„თავისუფალი დემოკრატები“ - განვაგრძობთ ბრძოლას და პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში
„თავისუფალი დემოკრატები“ - განვაგრძობთ ბრძოლას და პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში

„თავისუფალი დემოკრატები“ განვაგრძობთ ბრძოლას და პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, თამარ კეკენაძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც არჩევნებამდე ორი თვით ადრე, პარტია დატოვეს „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ შალვა შავგულიძემ და ასევე გამგეობის ორმა წევრმა ლევან სამუშიამ და ნინო გოგუაძემ, „პარტია მზად არის, ითანამშრომლოს ყველა პროდასავლურ ძალასთან, რათა შეიცვალოს ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ და ბოლოს და ბოლოს ქვეყანას დაუბრუნდეს სწრაფი განვითარებისა და ევროპული მომავლის შანსი“.

„პარტია აგრძელებს ბრძოლას და მიიღებს მონაწილეობას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა პარტიის თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ და გამგეობის ორმა წევრმა ნინო გოგუაძემ და ლევან სამუშიამ. რა თქმა უნდა, არჩევნებამდე ორი თვით ადრე მსგავსი გადაწყვეტილება რთულ მდგომარეობაში აყენებს პარტიას, თუმცა „თავისუფალი დემოკრატები“ განვაგრძობთ ბრძოლას და პარტია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის წევრებს, ჩვენს აქტივს თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც არ შეუშინდნენ ახალ სიძნელეებს და ღირსეულად შეხვდნენ ამ გამოწვევას. ასევე, განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო, გამგეობის სრული უმრავლესობის მიმართ. დღეს თქვენ მათ ნაწილს ჩემს გვერდით ხედავთ, ადამიანებს, რომლებიც წლებია იბრძვიან ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და დღესაც დარჩნენ პარტიაში ამ ბრძოლის ბოლომდე მისაყვანად. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ ვაპირებთ, ვითანამშრომლოთ ყველა პროდასავლურ პარტიასთან, რომ არჩევნებით შევცვალოთ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ და ამ ქვეყანას, სწრაფი განვითარების და ევროპული მომავლის შანსი დავუბრუნოთ. ჩვენთვის ამ ბრძოლაში მთავარი წითელი ხაზი გადის რუსეთზე. შესაბამისად, ჩვენი კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის თუ საზოგადოებრივი ჯგუფისთვის, რომელიც საკუთარ და საქართველოს მომავალს დასავლურ სივრცეში ხედავს. დაბოლოს, მინდა გაცნობოთ, რომ პარტიის რიგგარეშე ყრილობამდე, რომელიც სექტემბერში გაიმართება, გამგეობის გადაწყვეტილებით, მე, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, შევასრულებ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.