თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით შესული საჩივრები განიხილეს
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით შესული საჩივრები განიხილეს

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეცხრე სხდომა იუსტიციის სამინისტროში დღეს გაიმართა.

დღევანდელ სხდომაზე წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტები განიხილეს და მსჯელობა ძალადობრივ ფაქტებს არ შეხებია, რადგან წელს კომისიის მანდატი წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვას, არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას, ასევე გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებას და ამ გზით თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნას მოიცავს.

სხდომა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გოჩა ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გაიმართა და მას, ტრადიციულად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, ცესკო-ს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშირისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები არ მივიდნენ.

„ქართული ოცნებიდან“ კომისიის წევრის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, უპასუხისმგებლობაა, როდესაც სხდომას არ ესწრებიან იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც საჩივრებს წერენ.

„პოლიტიკური პარტიების განცხადებებს, რომლებიც კომისიამ განიხილა, სამწუხაროდ, მტკიცებულებები არ ახლდა. ასევე, სამწუხარო და უპასუხისმგებლოა ის, რომ თავად ის პოლიტიკური პარტიები არ მოდიან, ვინც განცხადება დაწერა ამა თუ იმ შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ უწყებათაშორისი კომისია სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ამ სხდომაზე მოხვიდე და შენი პოზიციები დამაჯერებელი არგუმენტებით გაამყარო. სხდომამ პოლიტიკური პარტიების განცხადებებზე მაინც იმსჯელა და შესაბამის უწყებებს ეს საკითხები დაეწერა. საერთო ჯამში, შეგვიძლია, ვთქვათ, ფონი არის ისეთი, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები მშვიდობიანად და მაღალი დემოკრატიის ხარისხით ჩატარდება. ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით შსს-ს წარმომადგენელი ყოველთვის აკეთებს შესაბამის განცხადებას. სხვადასხვა ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევას შესაბამისი შეფასება მიეცემა. დღეს რაიმე ტიპის ძალადობრივ ქმედებაზე საუბარი არ ყოფილა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების რამდენიმე შემთხვევაზე იმსჯელეს.

„ვინაიდან ეს კომისია ამ არჩევნებზე ვიწრო სპეციალიზაციით მუშაობს და მხოლოდ საჯარო მოხელის მხრიდან ჩადენილი პოტენციური კანონდარღვევის შემთხვევებია ამ სხდომაზე განხილული, შესაბამისად, ძალადობრივი ფაქტები დღეს განხილული არ ყოფილა. იყო რამდენიმე პოტენტიურად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევა. მაგალითად, ზოგიერი პირი შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მანქანით მივიდა, მსგავსი წვრილი საქმეები იყო განხილული. ძირითადად, მოვისმინეთ ინფორმაცია, რომ ამ შემთხვევებში დარღვევა არ დადასტურდა. რაც შეეხება ძალადობრივ ინციდენტებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღეს ფაქტობრივად არც ერთი განცხადება არ განხილულა. შსს-სა და პროკურატურის პოზიციაა, რომ მოგვმართეთ და ინფორმაციას წერილობით მოგაწვდით“, – განაცხადა ნატროშვილმა.