თავისუფალი ჭიდაობა | ოთინაშვილი და გულიტაშვილი ევროპის 20-წლამდელთა პირველობის ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
სერბეთში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე 20-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ქართველი გოგა ოთინაშვილი (70 კგ) ტურნირის ნახევარფინალში ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსს – მაგომედ ბაიტუკაევს დაუპირისპირდება.
მეორე ქართველის, რამინ გულიტაშვილის (97 კგ) მეტოქე კი ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი ხეთაგ კარსანოვი იქნება.
დღეს შეჯიბრზე, ოთინაშვილის და გულიტაშვილის გარდა, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კიდევ სამი წევრი ასპარეზობდა: ნიკა ზანგალაძე (57 კგ), ზურაბ აბალაკი (65 კგ) და დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ). ზანგალაძე და აბალაკი მეოთხედფინალში დამარცხდნენ, ჭეჭელაშვილი – მერვედფინალში. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს სამივე ქართველი ინარჩუნებს. რეპეშაჟში გადასასვლელად მათმა მომგებმა სპორტსმენებმა ნახევარფინალშიც უნდა იმარჯვონ.
ნახევარფინალები თბილისის დროით 18:45 საათზე დაიწყება.