თავისუფალი ჭიდაობა | გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, მირიან მაისურაძე ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს #1TVSPORT
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხუთ წონით კატეგორიაში მედლების მოსაპოვებლად ხუთი ქართველი ფალავანი გამოვიდა, რომელთაგანაც გენო პეტრიაშვილი (125კგ) ფინალში გავიდა.
ქართველმა ნახევარფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელი ფალავანი 10:0 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის 18 თებერვალს პრინციპულ მეტოქეს, თურქ ტაჰა აკგულს შეხვდება.
მირიან მაისურაძემ (92კგ) ნახევარფინალური დაპირისპირება თურქ აქთურქთან დათმო და ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იური ლომაძემ (72კგ) და გელა ბოლქვაძემ (82კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
2023 წელს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარებულ კონტინენტის პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილი ჩემპიონი გახდა, გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო შოთა ფარტენაძე, ედემ ბოლქვაძე, ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.