თავდამსხმელი, რომელსაც ბრალად ედება მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე ხუთი ადამიანის მკვლელობა, წინასწარ პატიმრობაში დარჩება
თავდამსხმელი, რომელსაც ბრალად ედება მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე ხუთი ადამიანის მკვლელობა, წინასწარ პატიმრობაში დარჩება

კაცი, რომელსაც ბრალად ედება გერმანიის ქალაქ მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე ოთხი ქალისა და ცხრა წლის ბიჭის მკვლელობა, წინასწარ პატიმრობაში დარჩება.

50 წლის ეჭვმიტანილი მოსამართლის წინაშე 21 დეკემბრის საღამოს წარდგა. ადგილობრივ მედიაში ეჭვმიტანილი დასახელებულია, როგორც ტალებ ალ-აბდულმოჰსენი, საუდის არაბეთის 50 წლის მოქალაქე, რომელიც გერმანიაში 2006 წელს ჩავიდა და ექიმად მუშაობდა.

პროკურორმა, ჰორსტ ვალტერ ნოპენსმა განაცხადა, რომ თავდასხმის ერთ-ერთი შესაძლო მოტივი „შეიძლება, ყოფილიყო უკმაყოფილება გერმანიაში საუდის არაბეთის ლტოლვილებთან მოპყრობის გამო“. სავარაუდო თავდამსხმელს არ აქვს კავშირები ისლამისტურ ექსტრემიზმთან. მისი სოციალური მედიის პოსტები მიუთითებს, რომ ის კრიტიკულად იყო განწყობილი ისლამის მიმართ.

საუდის არაბეთის მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ „ბიბისის“ განუცხადა, რომ გერმანიის ხელისუფლებას გაუგზავნა ოთხი ოფიციალური შეტყობინება, რომლებშიც აფრთხილებდა ალ-აბდულმოჰსენის „ექსტრემისტული შეხედულებების“ შესახებ. წყარომ, რომელმაც ანონიმურობა ითხოვდა, განაცხადა, რომ ეს შეტყობინებები უგულებელყვეს.

მაგდებურგის პოლიცია აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება და მოწმეებს მოუწოდებს გამოაგზავნონ ინციდენტის ფოტოები ან ვიდეო მასალა.

მომხდარის შემდეგ მაგდებურგში თავდასხმის მსხვერპლთა პატივსაცემად ეკლესიაში მსახურება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მსხვერპლთა ოჯახები, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და ფედერალური მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

პარალელურად დაახლოებით ასმა ულტრამემარჯვენე დემონსტრანტმა მაგდებურგის ქუჩებში ჩუმი მარში მოაწყო და გერმანიიდან მიგრანტების გაძევება მოითხოვა.