თავდაცვის სამინისტროში ლოიდ ოსტინის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა [ფოტო]
თავდაცვის სამინისტროში ლოიდ ოსტინის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა [ფოტო]

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ამის შემდეგ კოლეგები ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი შეხვედრაზე განიხილავენ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს, შავი ზღვის აუზისა და რეგიონულ უსაფრთხოებას, საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციას, რაშიც ქართულ მხარეს უდიდეს მხარდაჭერას უწევს ოფიციალური ვაშინგტონი. ასევე განიხილავენ აშშ-ის მზარდ მხარდაჭერას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში.

დღესვე კოლეგები აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს ეფუძნება და აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

შეხვედრაზე განხილულ საკითხებსა და შეთანხმების მნიშვნელობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.

ლოიდ ოსტინი საქართველოში ევროპული ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა, რის შემდეგაც ის უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა, ხოლო ვიზიტის დასასრულს ბრიუსელში, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.