თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ხელფასების საქმეზე, აუდიტის სამსახური მთავარ პროკურატურას მასალებს გადაუგზავნის
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ხელფასების საქმეზე, აუდიტის სამსახური მთავარ პროკურატურას მასალებს გადაუგზავნის

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების გათავისუფლების შემდგომ თვეებში ხელფასების ჩარიცხვის საქმეზე, აუდიტის სამსახური მთავარ პროკურატურას მასალებს გადაუგზავნის, – ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით,  თავდაცვის სამინისტროში ყოფილი თანამშრომლების საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით, მათი გათავისუფლების შემდგომ თვეებში ხელფასების ჩარიცხვა ხდებოდა საბანკო ანგარიშებზე, რომლებიც მანამდე ამ პირების მიმართ არ გამოიყენებოდა.

„თავდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სამინისტროში დასაქმებულ მოსამსახურეებზე, 2017 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული ფულადი სახსრების ანალიზისას გამოიკვეთა მაღალი რისკის შემცველი გარემოებები. კერძოდ: ყოფილი თანამშრომლების საიდენტიფიკაციო მონაცემების გამოყენებით, მათი გათავისუფლების შემდგომ თვეებში ხელფასის დარიცხვა ხდებოდა იმ საბანკო ანგარიშებზე, რომლებიც მანამდე ამ პირების მიმართ არ გამოიყენებოდა.

2017 წელს ამ მიზნით საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხულმა თანხამ სავარაუდოდ 140,543.63 ლარი შეადგინა. ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, აუდიტის მიმდინარეობისას ეცნობა საქართველოს მთავარ პროკურატურას. შესაბამისად, არსებობს მაღალი რისკები იმისა, რომ შესაბამისი შიდა კონტროლის არარსებობის პირობებში, ფულადი განაცემები მიმართული იყოს იმ პირებზე, რომლებიც შესაბამის პერიოდში არ იყვნენ სამინისტროს სისტემაში დასაქმებული თანამშრომლები” – წერია აუდიტის ანგარიშში.

თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშის მიხედვით, სამინისტროში ფულადი განაცემების დაანგარიშებისა და გაცემის პროცესთან დაკავშირებით არ ხდება რისკების იდენტიფიცირება და შეფასება, შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში არ არის გათვალისწინებული მექანიზმი, სადაც შესაძლებელი იქნება გათავისუფლებული მოსამსახურეების მონაცემების დეაქტივირება.

ანგარიშის თანახმად, ასევე დარიცხვის უწყისებში ხდება არასწორი მონაცემების შეტანა, არასაკმარისია კონტროლი დარიცხვის უწყისების გადამოწმებაზე – მონიტორინგის მექანიზმის არარსებობა, მოვალეობები სათანადოდ არ არის გადანაწილებული.

თავდაცვის სამინისტრომ ფინანსური აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადება 19 სექტემბერს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ ფაქტზე სასწრაფოდ დაიწყო გამოძიება.