თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორი - შემოწმდება ყველა საგამოძიებო ვერსია, მათ შორის, რა თქმა უნდა, გამოძიების მიერ შეფასებული იქნება ჯუანშერ ბურჭულაძის ქმედებებიც
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ვინაიდან არსებობდა სხვადასხვა ინტენსივობით მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა ბრალდებულების – გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის მიმართ პატიმრობის გამოყენებაზე, რაც სასამართლომ სრულიად სამართლიანად დააკმაყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორმა, ირაკლი მარშანიამ განაცხადა.
პროკურორის თქმით, მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, რაც ადასტურებს ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას.
„სავალდებულო არ არის, კონკრეტულ კორუფციულ საქმეზე ვიღაც მოვიდეს და განაცხადოს კონკრეტული ფაქტის შესახებ. მოცემულ საქმეზე იყო შესაბამისი ოპერატიული ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. მოპოვებულ იქნა არაერთი მტკიცებულება, მათ შორის გაყალბებული დოკუმენტები, ექსპერტიზის დასკვნა, რაც ადასტურებს ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენას. იმის თქმა, რომ საქმეში მტკიცებულება არ არის, ნამდვილად დაუსაბუთებელი პოზიციაა“, – განაცხადა პროკურორმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიკითხა თუ არა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, პროკურორმა განაცხადა, რომ კითხვას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ უპასუხებს. მარშანიას თქმით, „შემოწმდება ყველა საგამოძიებო ვერსია და მათ შორის, რა თქმა უნდა, გამოძიების მიერ მისი ქმედებებიც იქნება შეფასებული“.
„სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ვინ გამოვკითხეთ, რა მიმართულებით მივდივართ, რა ვერსიებს ვამოწმებთ, ამასთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. ყველა ვერსიას, რაც გამოძიებაში არსებობს, ბრალდების მხარე ამოწმებს“, – განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე ბრალი გუშინ წარედგინათ.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურსა და ვასილ მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი – გაფლანგვაში დახმარებას.