თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი აღჭურვილობა გადაეცათ
თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი აღჭურვილობა გადაეცათ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სპეციალური ოპერაციების ძალების პირადმა შემადგენლობამ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა მიიღო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებს მრავალფუნქციური ტაქტიკური საიერიშო ჩანთები, ჯავშანფილები, სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული თანამედროვე ტაქტიკური ჯავშანჩაფხუტები, ხერხემლის მარეგულირებელი სისტემები, სპეცდანიშნულების მებრძოლის იარაღის შიდა და გარე ქამრები, ასევე Glok 17 პისტოლეტისა და M4-ის ტიპის ავტომატური შაშხანების ჩასადები მჭიდჩანთები გადაეცათ.

დღეს, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა მუხროვანის სამხედრო ბაზაზე სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის განკუთვნილი ახალი აღჭურვილობა პირადად დაათვალიერა და სამხედრო მოსამსახურეების მიერ ავტომატური შაშხანებიდან და პისტოლეტებიდან მიზანში სროლის სავარჯიშოებს დაესწრო.

თავდაცვის ძალების აღჭურვა თანამედროვე შეიარაღებით ნატო-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პოლიტიკის ნაწილია და მიზნად ისახავს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ზრდას, ნატო-ს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას.