თავდაცვის სამინისტრომ ცნობილ გერმანულ საპროთეზო კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა
თავდაცვის სამინისტრომ ცნობილ გერმანულ საპროთეზო კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა

წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში, თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, გიორგი ხაინდრავამ, გიორგი ბუბუნაურმა და სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ლაბაძემ ცნობილი გერმანული საპროთეზო კომპანიის, Ottobock SE & Co. KgaA-ის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

მხარეებმა დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საჭიროებებსა და მათთვის საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებების მიწოდების ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. უწყების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა პრიორიტეტულია.

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის უმაღლესი ხარისხის პროთეზების მიწოდებას ითვალისწინებს.

ოფიციალურ დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და Ottobock SE & Co. KgaA-ის წარმომადგენელმა, დენის ვოლტერმა მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, თავდაცვის უწყება დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის 28 ერთეულ ქვედა კიდურისა და შვიდ ერთეულ ზედა კიდურის პროთეზს შეისყიდის. პროთეზების მიწოდება და შესაბამისი მომსახურება ეტაპობრივად განხორციელდება. საგარანტიო პერიოდში კომპანია ეტაპობრივად უზრუნველყოფს პროთეზების გეგმიურ სერვისულ შემოწმებასა და შეკეთებას.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.