თავდაცვის მინისტრმა ომში დაღუპული სამხედრო ექიმების ხსოვნას პატივი მიაგო 
თავდაცვის მინისტრმა ომში დაღუპული სამხედრო ექიმების ხსოვნას პატივი მიაგო 

საქართველოს თავდაცვის უწყება 11 აგვისტოს სამხედრო მედიცინის დღეს აღნიშნავს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული სამხედრო ექიმების ხსოვნას პატივი მიაგეს.

მინისტრი ჰოსპიტლის თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დაათვალიერა და ჰოსპიტლის თანამედროვე აპარატურით აღჭურვის პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიიღო.

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მასშტაბური განახლება აქტიურად მიმდინარეობს.

სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების მიზნით, ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში სამხედრო ჰოსპიტლისთვის 5 225 161 ევროს ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობის შეძენაა გათვალისწინებული. აპარატურის მნიშვნელოვანი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებამ უკვე მიიღო. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი 64 ერთეული მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით აღიჭურვება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხს. მთლიანობაში დაახლოებით 35 მილიონი ლარია გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის გორის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებასა და ქუთაისის სამედიცინო ცენტრში უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურით აღჭურვისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.