თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მეორე სემესტრიდან საგანი, „თავდაცვა და უსაფრთხოება“ 14 საჯარო სკოლაში  დაინერგება
თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მეორე სემესტრიდან საგანი, „თავდაცვა და უსაფრთხოება“ 14 საჯარო სკოლაში  დაინერგება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნუკრი გელაშვილის განცხადებით, მეორე სასწავლო სემესტრიდან საპილოტე საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ შესწავლა თავიდან 14 საჯარო სკოლაში  დაინერგება.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნულ საგანზე მუშაობა ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპეციალისტების ჩართულობით მიმდინარეობს და ის თავდაპირველად მოსწავლეებს ელექტრონული სახით მიეწოდება.

როგორც ნუკრი გელაშვილი განმარტავს, ელექტრონული სახელმძღვანელოს დამუშავების შემდეგ ის განსახილველად და შენიშვნებისთვის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს მიეწოდება და ამის შემდეგ უკვე ელექტრონული ვარიანტი ფართო საზოგადოებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული საგნის სკოლებში დანერგვის მიზანი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის შეფასება და ანალიზი არ არის, თუმცა ხაზი გაესმევა პატრიოტულ სულისკვეთებას და მოთხრობილი იქნება გმირობის მაგალითები.

„საგნის ძირითადი მიზანი გახლავთ მოსწავლეებში თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე და სამოქალაქო თავდაცვის კუთხით ცნობიერების ამაღლება, ასევე მისი მიზანია მოსწავლეებში მოხდეს გარკვეული უნარების განვითარება“,-განაცხადა ნუკრი გელაშვილმა.

რაც შეეხება შენიშვნებს, ნუკრი გელაშვილის თქმით, საპილოტე რეჟიმის მიმდინარეობისას, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შენიშვნების მიწოდება, რომელსაც საგანზე მომუშავე ჯგუფი საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გაითვალისწინებს.