თავდაცვის მინისტრი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
თავდაცვის მინისტრი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ავიაციის მთავარ მარშალს, სერ სტიუარტ ფიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს.

თავდაცვის მინისტრმა კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის ეროვნულ სტრატეგიას, 6-7 ნოემბერს დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას (GDSC) და სამხედრო განათლების საკითხებს შეეხო. მხარეებმა ნატო-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზეც ისაუბრეს.

ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) რიგით მეხუთე ვიზიტი საქართველოში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დელეგაციაში ალიანსის 29 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებიან, რომელსაც ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი ხელმძღვანელობს.

საბჭოს წევრები ადგილზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე, დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს ეცნობიან.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.