თავდაცვის კომიტეტში პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების ინიციატივაზე იმსჯელებენ
თავდაცვის კომიტეტში პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების ინიციატივაზე იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით იმსჯელებენ. ინიციატივა საქართველოს პარლამენტის წევრ გია ჟორჟოლიანს ეკუთვნის.

შემოთავაზებული ცვლილება მიზნად ისახავს სამხედრო სამსახურში გაწვევის ვალდებულების გადავადების უფლების მინიჭებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიული სტუდენტებისათვის. გადავადება ხდება სწავლის დამთავრებამდე მხოლოდ ერთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

„ჩვენ მიერ წარდგენილი კანონპროექტი გულისხმობს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებას პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის. რა თქმა უნდა, არა მუდმივად. სამ პროფესიულ სასწავლებელში თუ ჩააბარა სამ სხვადასხვა პროგრამაზე ყოველი სამი წლის შემდეგ სტუდენტმა, მისთვის არ მოხდება ეს გადავადება. ერთი პროგრამის ფარგლებში მოხდება ეს გადავადება. დღეისათვის ჩვენი ეკონომიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განათლების სრულყოფაში სტუდენტს ხელი არ შეეშალოს, სწავლების უწყვეტი ციკლი ჰქონდეს. ჩვენ შეგვიძლია, ამით ხაზი გავუსვათ, რომ პროფესიული განათლება არაფრით ჩამორჩება უმაღლეს განათლებას“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.