თავდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო სამსახურის გადავადების შესაძლებლობა ექნებათ
თავდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სამხედრო სამსახურის გადავადების შესაძლებლობა ექნებათ

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა, რომლის გათვალისწინებით, რიგ შემთხვევებში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს სამხედრო სამსახურის გადავადების საშუალება ექნებათ.

კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ცვლილებებთან მიმართებაში კითხვები იყო იმის თაობაზე, ინიციატივა გაწვევის სისტემაში წვევამდელების დეფიციტს ხომ არ წარმოშობდა.

„შეთანხმება სამ საკითხზე შედგა – წვევამდელი, რომელიც ერთხელ უკვე ისარგებლებს სამხედრო სამსახურის გადავადებით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების დროს, ის ვეღარ ისარგებლებს მეორედ გადავადებით, თუ პროფესიულ სასწავლებელში ჩააბარებს. ასევე აპლიკანტს, რომელიც დარეგისტრირდება გამოცდებზე, სამხედრო სამსახურის გადავადების უფლება ექნება, თუმცა, ეს უფლება მათ ექნებათ მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს.

ასევე, თუ პირი სამხედრო ვალდებულებას უკვე იხდის და პარალელურად ისარგებლებს უფლებით და ჩააბარებს პროფესიულ სასწავლებელში, მას გადავადების უფლება არ მიეცემა და სამხედრო სამსახურის დასრულება მოუწევს“, – განმარტავს ირაკლი სესიაშვილი.