თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - ავღანეთში სამშვიდობო მისიის დასრულება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნატო-სგან ვდისტანცირდებით
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე - ავღანეთში სამშვიდობო მისიის დასრულება არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნატო-სგან ვდისტანცირდებით

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის ირაკლი ჭიჭინაძის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალებში არ არსებობს ბატალიონი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ჰქონდეს მიღებული მონაწილეობა ავღანეთის მისიაში.

მისივე თქმით, ბატალიონებს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ, რაც საბოლოო ჯამში საქართველოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ხმარდება.

„2004 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები ჩართული იყო თავდაპირველად „აისაფის“ მისიაში, შემდეგ, 2015 წლიდან მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. საფრთხეების მაღალი დონიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული ამოცანა, რთული მისია იყო, თუმცა მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენმა ქვედანაყოფებმა საკმაოდ წარმატებით გაართვეს თავი. მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, საქართველო იყო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა ავღანეთში. დღემდე ავღანეთის სხვადასხვა რაიონში ჩვენ ვინარჩუნებთ 860 სამხედრო მოსამსახურეს, რომლებიც მხარდამხარ იბრძვიან და ასრულებენ საკუთარ ამოცანებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებთან ერთად.

2004 წლიდან დღემდე ჩვენ ავღანეთში ვახორციელებდით წელიწადში დაახლოებით ორ როტაციას, ბატალიონის დონის ქვედანაყოფის. ამ ვადებიდან გამომდინარე, მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებში არ არსებობს ერთი ბატალიონიც კი, რომელსაც ავღანეთის მისიაში ერთხელ მაინც არ ჰქონოდა მიღებული მონაწილეობა. თუმცა არსებობენ ბატალიონები, რომლებიც რამდენჯერმე იმყოფებოდნენ ავღანეთში და შესაბამისად, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ დაგროვებული. ეს გამოცდილება საბოლოო ჯამში, ხმარდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

ნატო-ს გამოსვლა ავღანეთიდან არ ნიშნავს, რომ ნატომ შუა გზაში მიატოვა ავღანეთი, არამედ ეს არის დასრულება იმ სამხედრო კომპონენტის, რომელიც პირველი ამოცანა იყო ნატოსი და ახლა უკვე გადადის სხვა ფაზაში. ეს ფაზაა, რომ ავღანეთს მხარი დაუჭირონ სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, განათლების კუთხით. შესაბამისად, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, შენარჩუნდება და ამ მიმართულებით მეტი აქცენტი გაკეთდება“, – განაცხადა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ.

ამასთან, ირაკლი ჭიჭინაძემ ავღანეთში სამშვიდობო მისიით ყოფნის პერიოდში დაღუპული სამხედროების გამო კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ეს დიდი დანაკარგია.

„32 სამხედრო მოსამსახურე, რომელიც შეეწირა ამ მისიას, დაწყების დღიდან დღემდე არის ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკარგი. კიდევ ერთხელ მინდა, მწუხარება გამოვხატო დაღუპული ოჯახის წევრების მიმართ. ასევე იყო საკმაოდ დიდი რაოდენობა დაჭრილ-დასახიჩრებულების. როგორც თავდაცვის უწყება, ასევე ზოგადად სახელმწიფო და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, საკმაოდ აქტიურად მუშაობს, რათა მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ მათი ყოფა და უზრუნველვყოთ მაქსიმალური რეაბილიტაცია. ამისთვის საქართველოში შექმნილია ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო რეაბილიტაციის ცენტრი“, – აღნიშნა ირაკლი ჭიჭინაძემ.

თავდაცვის ძალების მეთაური ასევე ამბობს, რომ ავღანეთში სამშვიდობო მისიამ ქართული ქვედანაყოფები ნატო-ს ძალებთან საკმაოდ დააახლოვა, რაც თავის მხრივ, ნატო-ში ინტეგრაციის მიღწევას უწყობს ხელს.

„რა თქმა უნდა, თვითონ ამ მისიის მთავარი არსი და მიზანი ჩვენთვის იყო ის გამოცდილება, რაც ჩვენმა ქვედანაყოფებმა მიიღეს ავღანეთში სამშვიდოო მისიით ყოფნის პერიოდში. ეს იყო საკმაოდ დიდი გამოცდილება. ჩვენ გვიწევდა ჩვენს პარტნიორებთან მხარდამხარ ბრძოლა და ამოცანის შესრულება. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა ურთიერთთავსებადობას. რა თქმა უნდა, გამოცდილებამ და ურთიერთთავსებადობამ საკმაოდ დაგვაახლოვა ნატო-ს ძალებთან, მათ ტაქტიკასთან, სამოქმედო პროცედურებთან. ასევე გაიზარდა ნდობა ქართველ ქვედანაყოფებსა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების დანაყოფებს შორის. დამეგობრება, დაახლოება –  რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მხარს უჭერს და გვიადვილებს ჩვენი ერთ-ერთ მთავარი მიზნის მიღწევას, ნატო-ში სრულ ინტეგრაციას.

რა თქმა უნდა, უკვე დავიწყეთ აქტიური კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან როგორც ბრიუსელში, ასევე ვაშინგტონში და ჩვენ ერთგული ვრჩებით ჩვენი პრინციპების, რომლებიც გაჟღერდა 2004-ში, მისიის დაწყებიდან დღიდან, რომ ერთად ავღანეთში და ასევე მისიის დასრულება ერთად ავღანეთიდან. შესაბამისად, ჩვენ უკვე ვმუშაობთ, რომ დავიწყოთ ჩვენი ქვედანაყოფების გამოყვანა ეტაპობრივად, რათა მოხდეს მათი დაბრუნება სამშობლოში მაქსიმალურად მშვიდობით და უსაფრთხოდ. რა თქმა უნდა, სამშობლოში დაბრუნება ყველას უხარია.

გვაქვს საკმაოდ გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი გეგმები ჩვენს პარტნიორებთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ნატო-სთან. ეს გამოიხატება ყოველდღიურ ურთიერთობებში, სწავლებებში, ტრენინგებში. ასევე, რა თქმა უნდა, ერთობლივ ღონისძიებებში. მაგალითისთვის, მინდა, ვახსენო 2022 წელს ნატო-საქართველოს სწავლება, რომელიც ჩატარდება საქართველოში. ამაზე ჩვენ უკვე ვმუშაობთ ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გრძელდება და ვითარდება. შესაბამისად, ავღანეთიდან ჩვენი გამოსვლა, ისევე როგორც ნატო-ს მისიის დასრულება, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნატო-სგან ვდისტანცირდებით, არამედ ჩვენ ახლა უკვე ვმუშაობთ, რა კუთხით გავძლიერდეთ მეტად, რა კუთხით განვავითაროთ და დავახლოვდეთ ნატოსთან“, – განაცხადა ირაკლი ჭიჭინაძემ.