თავდაცვის ძალების მე-13 ბატალიონი რამდენიმე დღეში ავღანეთში სამშვიდობო მისიაში ოფიციალურად ჩაერთვება
თავდაცვის ძალების მე-13 ბატალიონი რამდენიმე დღეში ავღანეთში სამშვიდობო მისიაში ოფიციალურად ჩაერთვება

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-13 ბატალიონი ავღანეთში ჩაფრინდა.

ქართულ ქვედანაყოფს მე-12 ბატალიონის ხელმძღვანელობა ბაგრამის საავიაციო ბაზის აეროპორტში დახვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი, ამავე ბრიგადის მე-12 ბატალიონისგან უფლებამოსილებას რამდენიმე დღეში გადაიბარებს და სამშვიდობო მისიაში ოფიციალურად ჩაერთვება.

მე-13 ბატალიონი ვიცე-პოლკოვნიკ ვლადიმერ ნათენაძის მეთაურობით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში 6 თვის განმავლობაში შეასრულებს.

„ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება. ბატალიონმა გადასროლისწინა მომზადების ყველა ეტაპი საქართველოში გაიარა.

დასკვნითი ეტაპი, ამოცანის რეპეტიციის წვრთნა (MRE), ამერიკელ სამხედროებთან ერთად, წელს პირველად გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩატარდა და მე-13 ბატალიონი პირველი ქვედანაყოფი იყო, რომელმაც აღნიშნული წვრთნები სამშობლოში გაიარა.

აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.