თავდაცვის ძალების ავტოპარკის განახლება გრძელდება
თავდაცვის ძალების ავტოპარკის განახლება გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის ძალების ავტოპარკის განახლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, თავდაცვის უწყებამ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული ნატო-ს სტანდარტის ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, FORD TRANSIT-ის ტიპის 20 ერთეული ახალი მიკროავტობუსი და IVECO-ს ტიპის შვიდი ერთეული სპეციალიზებული მანქანა-მაცივარი შეისყიდა.

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი ავტომობილებით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდას და დავალების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, ახალი ავტომობილები შემუშავებული გეგმის შესაბამისად გადანაწილდება“, – აცხადებენ საქართველოს თავდაცვის უწყებაში.

უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი თავდაცვის ძალების საავტომობილო და სპეციალური ტექნიკით დაკომპლექტებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

„ახალი საავტომობილო საშუალებების შესყიდვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ხარჯების ეფექტიანობის თვალსაზრისითაც, რადგან მოძველებული ტექნიკის შენახვა და გარემონტება თავდაცვის ძალებს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მილიონობით ლარი უჯდებოდა.

მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, მოძველებული საბჭოთა წარმოების სპეცტექნიკა თანამედროვე, მსოფლიო და ევროპული ლიდერი კომპანიების – გერმანული MAN-ის, იტალიური IVECO- სა და ამერიკული FORD-ის მიერ წარმოებული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდება. პროექტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრომ უკვე შეისყიდა Toyota Land Cruiser-ის ტიპის ყველგანმავალი ახალი სატრანსპორტო საშუალებები, Toyota Hilux-ის ტიპისა და FORD Ranger-ის ტიპის 0.75 ტონა ტვირთამწეობის „პიკაპები“. ჯამში, თავდაცვის სამინისტროს 500-ზე მეტი ერთეული სპეციალური დანიშნულების ტექნიკა შეემატება“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

დატოვე კომენტარი