თავდაცვის ძალები საკარანტინო ზონაში მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს ამკაცრებენ
თავდაცვის ძალები საკარანტინო ზონაში მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს ამკაცრებენ

საქართველოს თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების შესასვლელებში საგანგებოდ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე კონტროლს ამკაცრებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უსაფრთხოების გაძლიერებისა და კიდევ უფრო ეფექტიანი მუშაობის მიზნით აღმოსავლეთ სარდლობამ ხუთივე გამშვებ პუნქტზე  ღამის ძლიერი განათების სისტემა დაამონტაჟა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მყარი ბარიერები განალაგა.

„მუდმივად ხორციელდება საგანგებოდ მოწყობილ საგუშაგოებზე მორიგეობით შესული პირადი შემადგენლობის აღჭურვილობის, უნიფორმისა და ხელთათმანების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონი რეგულარულად აკონტროლებს მარნეულის საავიაციო ბაზას და პატრულირებს მიმდებარე ტერიტორიაზე“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონაში თავდაცვის ძალების  მიერ ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული მოქმედებები აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ სხვადასხვა ქვედანაყოფის ხელმძღვანელებთან შეაჯამა. მარნეულის საავიაციო ბაზაზე არსებულ მართვის ცენტრში შეკრებილ ოფიცრებს აღმოსავლეთის სარდალმა საკარანტინო ზონაში არსებული მდგომარეობა დეტალურად გააცნო.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში 23 მარტიდან ჩაერთო. საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ მეორეხარისხოვან, შემოვლით  გზებზე  პატრულირება და ოპერაციის რაიონის ტექნიკური თვალთვალის საშუალებით 24-საათიანი კონტროლიც ხორციელდება.