თავდაცვის ძალები ბორჯომში, სტიქიის ზონაში პირადი შემადგენლობითა და სპეციალური ტექნიკით ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებს განაგრძობს [ფოტო]
თავდაცვის ძალები ბორჯომში, სტიქიის ზონაში პირადი შემადგენლობითა და სპეციალური ტექნიკით ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებს განაგრძობს [ფოტო]

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალები ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში პირადი შემადგენლობითა და სპეციალური ტექნიკით ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებს განაგრძობს.

უწყების ცნობით, ტყის მასივში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალები აქტიურადაა ჩართული. სამხედროები სპეციალური ტექნიკის-მუხლუხებიანი ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის MTLB, წყალმზიდებისა და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანების საშუალებით ხანძრის დროულ ლოკალიზებას ცდილობენ.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის ქრობის სამუშაოებს ახორციელებს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადისა და საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის პირადი შემადგენლობა.

საქართველოს თავდაცვის ძალები, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პროცესში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით ჩაერთნენ.