თავდაცვის ძალები ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აგრძელებენ [ფოტო, ვიდეო]

საქართველოს თავდაცვის ძალები სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე მესამე დღეა, აქტიურად მონაწილეობს.

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები სტიქიის ზონის აღმოსავლეთით – სოფელ დვირის მიმართულებაზე არიან განაწილებული და ამოცანისა და რელიეფის სირთულის მიუხედავად, ამ ეტაპზე წარმატებით უმკლავდებიან დავალებებს.

„ცეცხლის ქრობის პროცესში ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობისა და აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადისა და საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის პირადი შემადგენლობა მონაწილეობს. სამხედროები სპეციალური ტექნიკის – მუხლუხებიანი ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის MTLB, წყალმზიდებისა და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანების საშუალებით ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად პროცესში თავდაცვის ძალები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით ჩაერთნენ“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.