„ტავ ჯორჯია“ეკონომიკის მინისტრს პასუხობს
„ტავ ჯორჯია“ეკონომიკის მინისტრს პასუხობს

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

როგორც „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე განმარტავს, აეროპორტის მმართველ კომპანიასა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ერთი თვის წინ შედგა, სადაც „ტავ ჯორჯიამ“ აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ხარვეზების და მისი გამოსწორების გზებზე ისაუბრა.

მისივე თქმით, სველ წერტილებთან დაკავშირებით სამინისტროს ინფორმაცია უკვე ჰქონდა და სარემონტო სამუშაოებიც დაწყებული იყო.

„ერთი თვის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ჩვენ გავიარეთ აეროპორტის ინფრასტრუქტურის თემებიც, რის შემდეგაც ქალბატონი ნათია (თურნავა) ეწვია თბილისის საერთაშორისო აეროპორტს. ყველას მოგეხსენებათ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა 2007 წლის თებერვალში, შესაბამისად არის პატარა ხარვეზები, რაზეც ვისაუბრეთ მინისტრის ვიზიტის დროს. უმთავრესი ხარვეზი, რომელიც ქალბატონმა ნათიამ დააფიქსირა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არის სველი წერტილები. სველ წერტილებთან დაკავშირებით ჩვენ სამინისტროშიც უკვე გვქონდა ნასაუბრები და უკვე დაწყებული გვქონდა სარემონტო სამუშაოები. გარემონტდება რამდენიმე სველი წერტილი, პერიოდულად ეს რემონტი ისედაც ხდება”, – აცხადებს „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი მოადგილე.

ამასთან, თეა ზაქარაძის განცხადებით, სამინისტროს ინფორმაციის გავრცელებისას შეცდომა გაეპარა.

„რაც შეეხება რესტორნებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესრელიზში მრავლობით რიცხვშია ნახსენები რესტორნები. სავარაუდოდ, გაეპარათ ეს შეცდომა. იმიტომ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, როგორც გაფრენის, ისე მოფრენის ტერმინალში ყველა კვების ობიექტი არის განახლებული და ახალი. დარჩენილია ერთადერთი კვების ობიექტი სარეჟიმო ტერიტორიაზე, რომლის პროექტზეც მუშაობა უკვე ორი თვეა მიმდინარეობს. ასევე ვაპირებთ, რომ თებერვლის ბოლოსათვის დასრულდეს ის მიმდინარე სარემონტო სარემონტო სამუშაოები, რაც დაგეგმილი იყო და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ “ტავ ჯორჯია” „აეროპორტების საერთაშორისო საბჭო-„ს [ACI] „აეროპორტის მომსახურების ხარისხი“-ს [ASQ] პროგრამაში გაერთიანდა, რომელიც ამოწმებს აეროპორტის სერვისის ხარისხს. ერთი კვირის წინ მოვიდა მესამე კვარტლის შედეგები და ჩვენ მივიღეთ 4.27 შეფასება. უმაღლესი, მაქსიმალური შეფასება კი 5. ეს შეფასება არის მგზავრების გამოკითხვაზე დაყრდნობით და თქვენ იქ შეგიძლიათ ნახოთ თუ რომელ კატეგორიაში კატეგორიაში რა შეფასება მივიღეთ. რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ ყველაფერს, ჩვენ ისედაც დაგეგმილი გვქონდა ეს პროცესები“,- აცხადებს თეა ზაქარაძე.

“ტავ ჯორჯიაში” ამბობენ, რომ მინისტრ ნათია თურნავას აზრი მათთვის მნივნელოვანია, ასევე, მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ მგზავრები.

„სველი წერტილი მესმის, მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის, რადგან ტურისტები კმაყოფილები იყვნენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მინისტრის აზრი, მაგრამ ვიტყვი, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მგზავრების აზრი”,- აცხადებს “ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილე.

როგორც ცნობილია, 2018 წელს “ტავ ჯორჯია” გაწევრიანდა „აეროპორტების საერთაშორისო საბჭო-„ს [ACI] „აეროპორტის მომსახურების ხარისხი“-ს [ASQ] პროგრამაში.

„აეროპორტის მომსახურების ხარისხი“-ს [ASQ] პროგრამა ერთადერთი საერთაშორისო კვლევაა, რომელიც აფასებს მგზავრების კმაყოფილებას აეროპორტის მომსახურებებთან მიმართებაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2019 წლის სამი კვარტლის მგზავრთა გამოკითხვის შედეგების მიხედვით თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 4,27 ქულა მიიღო მგზავრთა საერთო კმაყოფილების კუთხით [Overall Satisfaction].

„მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ მგზავრები კმაყოფილები არიან აეროპორტში მიღებული სერვისებით, რამდენადაც მაქსიმალური შეფასება პროგრამის მიხედვით 5 ქულას წარმოადგენს. ACI –ს აეროპორტის მომსახურების ხარისხის პროგრამა [ASQ)] საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ მგზავრთა მოთხოვნები, სურვილები და მოლოდინები რაც თავის მხრივ შესაძლებელს ხდის ეფექტურად განისაზღვროს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და აეროპორტის განვითარების პერსპექტივები“, – აცხადებენ „ტავ ჯორჯიაში“.

შეგახსენებთ, რომ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვია და არსებულ ვითარებას გაეცნო.

მინისტრმა აეროპორტის მოფრენის და გაფრენის ტერმინალები, შენობაში არსებული მაღაზიები და კაფეები, ასევე ავიასალაროები და სარეგისტრაციო დახლები დაათვალიერა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, უკმაყოფილო დარჩა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დათვალიერებისას საკმაოდ ბევრი ხარვეზი აღმოაჩინა.

„ტავ ჯორჯიას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხარვეზების გამოსასწორებლად ეკონომიკის სამინისტრომ გარკვეული ვადა მისცა.