თათული თოდუა - სასამართლოს განმარტებაში მითითებულია, რომ მეტროს მემანქანეებს შეუძლიათ, არასამუშაო საათებში გაიფიცონ, ეს სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია
თათული თოდუა - სასამართლოს განმარტებაში მითითებულია, რომ მეტროს მემანქანეებს შეუძლიათ, არასამუშაო საათებში გაიფიცონ, ეს სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია

პირველი განჩინების შემდეგ, რითაც მეტროს მემანქანეთა მიერ დაანონსებული გაფიცვა ერთი თვის ვადით გადავადდა, ნამდვილად არ გვქონდა მოლოდინი, რომ ახალი ტიპის განჩინებას ვნახავდით, სადაც ამჟამად უკვე, გაფიცვის განსაზღვრული ვადით შეზღუდვაზეა საუბარი,- ამის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, თათული თოდუამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამჯერად უკვე, საპროცესო ნორმების მოშველიებით და არა შრომის კოდექსის გამოყენებით, მემანქანეებს გაფიცვის უფლება რეალურად, განუსაზღვრელი ვადით შეეზღუდათ, ვინაიდან ეს იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მიღებული განჩინება და ამ ღონისძიების გამოყენება თავისთავად, სარჩელის ბედს ებმის“, – განაცხადა თოდუამ.

მისი თქმით, არსებული რეალობის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს საქმე სასამართლოში განხილვის საგანი წლობით იქნება.

„ეს სარჩელი ჯერჯერობით, სასამართლოში შეტანილი არც არის. იგულისხმება, რომ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ სასამართლოში სარჩელს უახლოეს მომავალში შეიტანს და დავას უკვე არსებით საკითხთან დაკავშირებით წამოიწყებს, რაც გაფიცვის უკანონობას შეეხება და სანამ ეს ძირითადი დავა მათ შორის, ყველა ინსტანციაში არ გადაწყდება, მანამდე სარჩელის უზრუნველყოფა ძალაში იქნება“, – განაცხადა თოდუამ.

თოდუამ ასევე განაცხადა, რომ რეალურად, ამით გაფიცვის განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვა მოხდა, თან, დროის იმ ლიმიტების უგულებელყოფით, რომელიც შრომის კოდექსით არის დადგენილი, რაც ამ უფლების რეალიზების პერსპექტივას ეჭვქვეშ აყენებს და თვითონ გაფიცვის არსს ეწინააღმდეგება.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მათი ყურადღება გაფიცვის სასამართლოს მიერ გამოყენებულმა განმარტებამ მიიპყრო, სადაც მითითებულია, რომ მეტროს მემანქანეებს შეუძლიათ, არასამუშაო საათებში გაიფიცონ, რაც ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას არის მოკლებული.

„გაფიცვის არსი თავისთავად ისაა, რომ დასაქმებული სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებაზე უარს ამბობს და დამსაქმებელს ამ კუთხით აიძულებს, მოლაპარაკებებზე წამოვიდეს. სამუშაო საათების შემდეგ გაფიცვაზე საუბარი შეუძლებელია. შეიძლება, ეს იყოს აქციის გამართვა და შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებით სარგებლობა, მაგრამ ამას გაფიცვის უფლება ნამდვილად ვერ დაერქმევა“, – განაცხადა თოდუამ.

მისი თქმით, ეს ჩანაწერი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით შესაძლოა, შეკითხვები გაჩნდეს.