ტატო ხუნდაძე - უნდა დავინტერესდეთ, განათლების სისტემა რა მიმართულებით შეიცვლება, რადგან ეს ცენტრალური საკითხია
ტატო ხუნდაძე - უნდა დავინტერესდეთ, განათლების სისტემა რა მიმართულებით შეიცვლება, რადგან ეს ცენტრალური საკითხია

მცირე მთავრობის შესახებ გაცხადებულ მიზანსა და ასოცირების ხელშეკრულებას შორის წინააღმდეგობა მართლაც არსებობს, – განაცხადა პირველი არხის ანალიტიკოსმა ტატო ხუნდაძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

„როცა ახალ რეგულაციებს იღებ, ეს ბუნებრივად ითვალისწინებს იმას, რომ შენ დამატებითი რესურსი, უფრო მეტი ფინანსები და ადამიანი გჭირდება, რათა მოსახლეობას საჭირო სერვისები მიაწოდო“, – ამ განცხადებით ტატო ხუნდაძემ გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, ეწინააღმდეგება თუ არა მცირე მთავრობის შესახებ გაცხადებულ მიზანს ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც ევროკავშირთან უფრო გვაახლოებს და ერთგვარ ვალდებულებასაც გვაკისრებს, მათ შორის, რეგულაციებს, რომლებიც სახელმწიფო უწყებებმა უნდა შეასრულონ.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, როგორ აფასებს ის პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ განათლების რეფორმა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და განათლების სისტემაში ინვესტიციები უნდა გასამმაგდეს, ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ პრემიერის ამ განცხადებას მედია სამწუხაროდ, ნაკლებ ყურადღებას აქცევს, არადა, ეს ცენტრალური საკითხია, რაზეც უნდა ვისაუბროთ.

„კონკრეტულად უნდა დავინტერესდეთ, განათლების სისტემის შეცვლა რა მიმართულებით მოხდება და ეს თანხა საიდან უნდა მოვიტანოთ, რადგან ეს ცენტრალური საკითხია. ამ ეტაპზე, რეცეპტი არ ჩანს, მაგრამ ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა საგადასახადო სისტემის შეცვლა და მეტი ფულის ამოღება იმ ადამიანებისგან, ვისაც მეტი შესაძლებლობა აქვს. განათლებული საზოგადოება შედის არა მხოლოდ ღარიბებისა და საშუალო კლასის ინტერესებში, არამედ მდიდარი კლასის, ბიზნესმენების ინტერესებშიც, რათა მათ განათლებული მუშახელი ჰყავდეთ“, – განაცხადა ტატო ხუნდაძემ.

შეკითხვაზე, სახელმწიფოს გარდა, ვინ უნდა ჩადოს ინვესტიცია განათლებაში, ტატო ხუნდაძემ განაცხადა, რომ სხვადასხვა სახელმწიფოებში სხვადასხვაგვარი გამოცდილება არსებობს, მაგრამ როდესაც ევროპულ გამოცდილებაზე ვსაუბრობთ, განათლებაში მთავარი ინვესტორი მაინც სახელმწიფოა.

„ზოგადად, მეტწილად, განათლებაში ინვესტიციებს სახელმწიფო დებს ხოლმე, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში არის ისეთი შემთხვევები, როცა უმაღლესი განათლების განვითარებაში თანხებს უნივერსიტეტის ყოფილი კურსდამთავრებულები დებენ, ან ამ თანხებს ბიზნესი იღებს, როცა სახელმწიფო ბიზნესს ახალისებს, რათა კვლევასა და განვითარებაში ფული ჩაიდოს“, – განაცხადა ტატო ხუნდაძემ.