ტატო ხუნდაძე - იმხელა მთავრობა გვჭირდება, რამხელაც უკეთესად მოგვემსახურება
ტატო ხუნდაძე - იმხელა მთავრობა გვჭირდება, რამხელაც უკეთესად მოგვემსახურება

იმხელა მთავრობა გვჭირდება, რამხელაც უკეთესად მოგვემსახურება და უკეთეს საჯარო სერვისებს შემოგვთავაზებს, – ამის შესახებ პირველი არხის ანალიტიკოსმა ტატო ხუნდაძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„არასწორია დებატები იმის თაობაზე, მცირე მთავრობა გვჭირდება, თუ დიდი მთავრობა“, – განაცხადა ტატო ხუნდაძემ.

გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, მთავრობები მუდმივად რატომ იმეორებენ გზავნილს მცირე მთავრობის შესახებ და რატომ ითვლება, რომ მცირე მთავრობაზე საუბარი მოსახლეობაში პოპულარულია, ტატო ხუნდაძემ განაცხადა, რომ ზოგადად, არის შეხედულება, რომ მთავრობა ცუდია, ხოლო რაც ცუდია, თუ ნაკლები იქნება, მით უკეთესი.

„ეს იქედან გამომდინარეობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში, მთავრობების მიმართ გარკვეული ნეგატიური აღქმა დაგროვდა, რადგან მთავრობები საჯარო სერვისების შესაბამისად მიწოდებას ვერ ახერხებენ. მაგალითად, არ გვაქვს შესაბამისი სკოლები, გზები, ჯანდაცვა და ა.შ“, – განაცხადა ტატო ხუნდაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის წინაშე ერთგვარი დილემა არსებობს, რადგან, როგორც დღევანდელი მთავრობა ამბობს, ის სოციალურად ორიენტირებული, მემარცხენე-ცენტრისტი მთავრობაა, მაგრამ მისი ეკონომიკური პოლიტიკა მემარჯვენე ეკონომიკური პოლიტიკაა და არ შეიძლება, მცირე მთავრობა მემარცხენე იყოს, რადგან ეს ცალსახად, მემარჯვენე პოლიტიკაა, რაც დაბალ გადასახადებს, განათლებაში, ჯანდაცვასა და ინფრასტრუქტურაში ნაკლებ სახელმწიფო ინვესტიციას გულისხმობს.

„ეს წინააღმდეგობა საქართველოს მთავრობაში მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ქმნის. როცა ჯანდაცვისთვის ფული არ გყოფნის, რა უნდა გააკეთო, ჯანდაცვის ხარჯებს ხომ ვერ შეამცირებ? მაშინ, ან გადასახადები უნდა გაზარდო, რაც მემარცხენე პოლიტიკა იქნებოდა, ან მთავრობის დანახარჯები სხვა მიმართულებით უნდა შეამცირო. მაგალითად, რომელიმე დეპარტამენტი უნდა გააუქმო, ან რომელიმე სამინისტრო შეამცირო და ა.შ“, – განაცხადა ტატო ხუნდაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობას დეკლარირებული მიზნებისთვის ბიუჯეტი არ ეყოფა და ამისთვის მან გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.

„ერთი ნაბიჯი იქნებოდა მაგალითად, გადასახადების გაზრდა იმ ადამიანებისთვის, ვისაც მეტი შემოსავალი აქვს. ჩვენ გვინდა, ისევე ბედნიერად ვცხოვრობდეთ, როგორც ევროპაში ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს თავისით არ იქმნება და ამისთვის ვიღაცამ აუცილებლად უნდა გადაიხადოს“, – განაცხადა ტატო ხუნდაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი არ არის, მთავრობა მემარჯვენე იქნება, თუ მემარცხენე. თუ ევროპაში გვინდა, ევროპა უფრო პასუხისმგებლიან მთავრობას ნიშნავს, პასუხისმგებლიანი მთავრობა კი ვერ იფუნქციონირებს, თუ მას შესაბამისი ფინანსები არ აქვს.