ტატო ხუნდაძე - ძვირად ღირებული მანქანები გაფლანგული ფულია და თუ მთავრობა დანახარჯებს შეამცირებს, უნდა მივესალმოთ
ტატო ხუნდაძე - ძვირად ღირებული მანქანები გაფლანგული ფულია და თუ მთავრობა დანახარჯებს შეამცირებს, უნდა მივესალმოთ

როცა ძვირად ღირებულ მანქანებზეა საუბარი, ეს ფაქტობრივად, გაფლანგული ფულია და თუ მთავრობა დანახარჯებს მოხმარებაში შეამცირებს, ამას უნდა მივესალმოთ, – განაცხადა პირველი არხის ანალიტიკოსმა ტატო ხუნდაძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

„როგორც ვხვდები, ჯერჯერობით, მთავრობას გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, შემცირებას კონკრეტულად, რა ნაწილში განახორციელებს, სახელფასო ფონდში, თუ სახელმწიფო დანახარჯებში“, – განაცხადა ტატო ხუნდაძემ.

გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, როგორ აფასებს ანალიტიკოსი პრემიერ-მინისტრის დეკლარირებულ მიზანს, რომ ქვეყნის ეკონომიკას სახელმწიფო მმართველობითი აპარატის შენახვა ძალიან ძვირი არ უნდა უჯდებოდეს და როგორ უნდა შემცირდეს მმართველ აპარატში დასაქმებულთა ხელფასების წილი ბიუჯეტში 4,2%-ით ისე, რომ მათი ხელფასები არ შემცირდეს, ტატო ხუნდაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ეს თანამშრომლების, ან ხელფასის შემცირებას ნიშნავდეს.

მისი თქმით, მთავრობის სტრუქტურებში საკმაოდ ბევრი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ პრობლემა ის კი არაა, რომ ეს ადამიანები მთავრობის სტრუქტურებში არიან დასაქმებული, არამედ ის, რომ მათ შესაბამისი მიზნები არ აქვთ დასახული.

„თუ მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ისაა, რომ ადამიანები მთავრობის სტრუქტურებში დასაქმდნენ და ვიღაცამ ვიღაც დაასაქმოს, ეს ფულის არაპროდუქტიულად ხარჯვაა. ადამიანი თუ დაჯდება და არაფერს არ გააკეთებს, ეს ქვეყნის ეკონომიკას ვერ გაზრდის. მაშინ, მოდით, ავიღოთ ეს თანხა და ბიზნესს დავუბრუნოთ, ბიზნესმა კი, ვინც დასასაქმებელია, თვითონ დაასაქმოს“, – განაცხადა ტატო ხუნდაძემ.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, მთავრობა აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ 120 მილიონი ლარი სოციალურ პროგრამებში უნდა გადაიტანოს და თუ ამით პენსიები და მასწავლებელთა ხელფასები გაიზრდება, ეს მისასალმებელია, რადგან ეს საერთო კეთილდღეობას გაზრდის, მაგრამ თუ ეს თანამშრომლების შემცირება იქნება და ამას სხვა არაფერი მოჰყვება, ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის სასარგებლო არ იქნება.