ტატა ხვედელიანი - სამწუხაროა პროცესები, რაც ოპოზიციაში მიმდინარეობს, არ ვფლობ ინფორმაციას, ეს პარტიები მუდმივად რატომ კინკლაობენ
ტატა ხვედელიანი - სამწუხაროა პროცესები, რაც ოპოზიციაში მიმდინარეობს, არ ვფლობ ინფორმაციას, ეს პარტიები მუდმივად რატომ კინკლაობენ

სამწუხაროა პროცესები, რაც ოპოზიციაში მიმდინარეობს. არ ვფლობ ინფორმაციას, ეს პარტიები მუდმივად რატომ კინკლაობენ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა „ოპოზიციის ალიანსთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, „2018 წლიდან მოყოლებული, ეს პარტიები საკუთარი ნაბიჯებით „ქართულ ოცნებას“ აძლიერებენ“.

„ჩემთვის, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლისთვის, სამწუხაროა ის პროცესები, რაც ოპოზიციაში მიმდინარეობს. ჩემი მხრიდან მათ რიგებში დაპირისპირებაზე შეფასების გაკეთება არასერიოზული იქნება. არ ვფლობ ინფორმაციას, ეს პარტიები მუდმივად რატომ კინკლაობენ. სჯობს, მათ რიგებში უთანხმოების შესახებ „ოცნებას“ ჰკითხოთ, რადგან სწორედ ისინი ფლობენ ინფორმაციას მათ კინკლაობაზე. 2018 წლიდან მოყოლებული ვხედავთ, რომ ეს პარტიები საკუთარი ნაბიჯებით „ოცნებას“ აძლიერებენ. ჩვენს ქვეყანაში რომ პოლიტიკურად ასეთი მძიმე და ჩიხური მდგომარეობაა, ამ პროცესების შედეგია, რომ „ანიტები“ და მათნაირი ჩანერგილი აგენტი ადამიანები არიან „ოცნების“ სამსახურში და საკუთარი გადაწყვეტილებებით მუდმივად აძლიერებენ“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ტატა ხვედელიანს ასევე კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს.

ტატა ხვედელიანის თქმით, არასერიოზულია და კომენტარს არ გააკეთებს, სააკაშვილი ამ ბრძოლაში ჩართვის ღირსად ვის მიიჩნევს.

„სააკაშვილს რაც შეეხება, არ მესმის, „ოცნების“ მხრიდან პატიმარი სააკაშვილი რატომ არის ისეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რომ აქტიურ პოლიტიკაში იყოს ჩართული და ასეთი განცხადებები აკეთოს? არასერიოზულია და კომენტარს არ გავაკეთებ, სააკაშვილი ამ ბრძოლაში ჩართვის ღირსად ვის მიიჩნევს. „ოცნება“ დაინტერესებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პოზიციებს იკავებს. „ოცნება“ აქამდე ვერც მოაღწევდა, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მუდმივი დამხმარე რესურსი“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.