ტატა ხვედელიანი - საერთოდ არ გვესმის, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა, ნებისმიერი რადიკალური სცენარის განვითარება და თუნდაც ამ სცენარის ანონსი მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს „ოცნების“ რეჟიმს
ტატა ხვედელიანი - საერთოდ არ გვესმის, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა, ნებისმიერი რადიკალური სცენარის განვითარება და თუნდაც ამ სცენარის ანონსი მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს „ოცნების“ რეჟიმს

ჩვენ საერთოდ არ გვესმის, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა, ეს ტერმინი ჩვენთვის გაუგებარია, – განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატმა, ტატა ხვედელიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ზოგადად, ჩვენთვის გაურკვეველია ის მოწოდებებიც, რომელსაც ბოიკოტის მომხრე ადამიანები და ოპოზიციური პარტიები ავრცელებენ. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიქნებით 4 ოქტომბერს წარმოდგენილი აქციაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვთვლით, რომ ნებისმიერი რადიკალური სცენარის განვითარება ჩვენ ქვეყანაში და თუნდაც ანონსი ამ რადიკალური სცენარის, მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს „ოცნების“ რეჟიმს. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს მივყავართ იმისკენ, რომ ოკუპანტი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს ეს ყველაფერი“, – განაცხადა ხვედელიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აქვთ თუ არა მოლოდინი, რომ, შესაძლოა, 4 ოქტომბერს მოვლენები რადიკალური სცენარით განვითარდეს, ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რომ, ზოგადად, გარემო პოლარიზებულია, ამ რადიკალიზმს ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს „ქართული ოცნება“ დღესდღეობით და აღვივებს „ნაციონალური მოძრაობა“.

„რაც არის დღეს ქვეყანაში – და იცით, რომ საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის „ოცნების“ პასუხისმგებლობა და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ეხმარება და მაშველ რგოლად ეცხადება „ნაციონალური მოძრაობა““, – განაცხადა ხვედელიანმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იყო თუ არა გახარიას პარტიასთან შეთანხმებული ირაკლი კუპრაძის გადაწყვეტილება 4 ოქტომბერს აქციაზე მისვლასთან დაკავშირებით, ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებული არ ყოფილა.

„არა, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ ამის მოლოდინი არც ჩვენ არ გვქონია. ურთიერთთანამშრომლობა არის მხოლოდ საარჩევნო კონტექსტში, გარდა ამისა, არსებობს ძალიან ბევრი განსხვავებები, სხვადასხვა თემა, სადაც ჩვენ თავისუფალი ვართ საკუთარ გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა ხვედელიანმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ ის ფაქტი, რომ, ერთი მხრივ, „გახარია საქართველოსთვის“ ემიჯნება აქციას და ამბობს, რომ კატეგორიულად ემიჯნება იქ შეკრებილებს, მეორე მხრივ კი, მათივე კანდიდატი მიდის იმ აქციაზე და, ერთგვარად, თითქოს ცდილობს ხმების წამოღებას, ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რომ მათი ამომრჩეველი პარტიისგან „გახარია საქართველოსთვის“ მიჩვეული არის პრაგმატული პოლიტიკის კეთებას, მათ არასოდეს მოუტყუებიათ საკუთარი ამომრჩეველი და ეს ლავირება სწორედაც არ არის მათზე, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ძალიან მყარად მიჰყვებიან საკუთარ პოზიციებს.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ თანხვედრა „ლელოს“ ვიცემერობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის პოზიციასთან, რომელიც ირაკლი კუპრაძის მერობის პირობებში დედაქალაქის სამსახურების პარალიზებას და მუნიციპალური ხელისუფლების ქაოსის მოსაწყობად გამოყენებას ჰპირდება ამომრჩეველს, ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რომ ეს პოზიცია გაურკვეველია, მით უმეტეს, მათი პოლიტიკური ძალის რიგებში. მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, გულისხმობს თუ არა იმას, რომ ალეკო ელისაშვილის განცხადება არასერიოზულია, ტატა ხვედელიანმა განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, არა.

„რა თქმა უნდა, არა. ის ალბათ ახსნის ამას შესაბამისად“, – განაცხადა ხვედელიანმა.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა პარტია თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესვლას, ტატა ხვედელიანმა აღნიშნა, რომ ისინი დღესდღეობით იყენებენ პოლიტიკურ ბოიკოტს.