ტატა ხვედელიანი - „ოცნების“ მთავრობის მიერ დამტკიცებული ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია არ პასუხობს არსებულ გამოწვევებს, მისი რეალური მიზანი ახალი თაობის ევროპული მომავლისგან იზოლირებაა
ტატა ხვედელიანი - „ოცნების“ მთავრობის მიერ დამტკიცებული ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია არ პასუხობს არსებულ გამოწვევებს, მისი რეალური მიზანი ახალი თაობის ევროპული მომავლისგან იზოლირებაა

ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში წარმოდგენილი ცვლილებები არ ემსახურება თანამედროვე, კრიტიკულ და კონკურენტუნარიან განათლებას, ის ემსახურება ჩაკეტილ, კონსერვატიულ და კონტროლირებად სისტემას, –  ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია დაელოდება პარლამენტში წარდგენილ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებს და თითოეულ მათგანს ოპონირებას გაუწევს.

„უპირველესად, მინდა, გამოვეხმაურო გუშინდელ ფაქტს. შევიტყვეთ, რომ „ოცნების“ მთავრობამ გამოსცა განკარგულება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის დამტკიცების შესახებ.

როგორც უმაღლესი განათლების სფეროში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, აქაც ნათლად იკვეთება ერთი და იგივე მიზანი, განსხვავებული აზრის გაქრობა საზოგადოებრივი სივრციდან, პარტიული ვერტიკალისთვის კიდევ მეტი დაქვემდებარება, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა და არა განათლების სისტემაში არსებული რეალური გამოწვევების აღმოფხვრა.

დამტკიცებული კონცეფცია არ პასუხობს ჩვენს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. მისი რეალური მიზანი არის ქვეყნის ახალი თაობის იზოლირება ევროპული მომავლისგან და საქართველოს მოქალაქეების კიდევ უფრო მეტად ჩამოშორება ევროპულ და დასავლურ საგანმანათლებლო სივრცეებს. კონცეფციაში წარმოდგენილი ცვლილებები არ ემსახურება თანამედროვე, კრიტიკულ და კონკურენტუნარიან განათლებას, ისინი ემსახურება ჩაკეტილ, კონსერვატიულ და კონტროლირებად სისტემას.

ჩვენ დაველოდებით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებს და თითოეულ მათგანს ოპონირებას გავუწევთ. დაწყებული გვაქვს, ასევე, კონსულტაციები განათლების სფეროს ექსპერტებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან. ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით“, – განაცხადა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა.