ტატა ხვედელიანი - მინიმალური სახელფასო ზღვრის დაწესების შესახებ ჩვენი ინიციატივა იცავს მოქალაქეებს არასამართლიანი ანაზღაურებისგან და ამცირებს უსამართლო კონკურენციას
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა მათი გუნდის მიერ დაინიცირებული კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც მინიმალური სახელფასო ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს.
ტატა ხვედელიანის თქმით, მათი ინიციატივა იცავს მოქალაქეებს არასამართლიანი ანაზღაურებისგან, ამცირებს უსამართლო კონკურენციას და აძლიერებს სოციალური უსაფრთხოების სისტემას.
„როგორც უკვე თქვენთვის ცნობილია, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა გასულ კვირას დავაინიცირეთ მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტი, რომელიც უკვე იყო ბიუროს დღის წესრიგში და განსახილველად გადაეცა კომიტეტებს. რატომ არის მინიმალური სახელფასო ზღვრის დაწესება მნიშვნელოვანი? დღეს საქართველოში ათასობით ადამიანია, ვინც მუშაობს, მაგრამ საკუთარი შრომის ღირსეულ ანაზღაურებას მაინც ვერ იღებს. ფასები იზრდება, ცხოვრება ძვირდება, ხოლო ხელფასი არ არის საკმარისი ყველაზე საბაზისო საჭიროებებისთვისაც კი. „ოცნება“ ამბობს, რომ ეკონომიკა იზრდება, თუმცა ეს საქართველოს მოქალაქეებზე არ ისახება. მინიმალური ხელფასი არის ის მინიმალური დაცვა, რომელიც ადამიანებს უნდა ჰქონდეთ. ეს ნიშნავს სამართლიანობას, დაცვას და ღირსეულ შრომით პირობებს. ეს ინიციატივა იცავს მოქალაქეებს არასამართლიანი ანაზღაურებისგან, ამცირებს შრომით ურთიერთობებში არსებულ უსამართლო კონკურენციას და აძლიერებს სოციალური უსაფრთხოების სისტემას. დღეს შრომის კოდექსი მინიმალურ ხელფასს საერთოდ არ განსაზღვრავს, ამიტომ ბევრი ადამიანი რჩება დაუცველი“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.