ტატა ხვედელიანი - ლევან ხაბეიშვილის განცხადებას არ გამოვეხმაურებით, ასეთი განცხადებები აზიანებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ამაზე კომენტარი ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა არ არის
ლევან ხაბეიშვილის განცხადებას არ გამოვეხმაურებით, ასეთი განცხადებები აზიანებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ამაზე კომენტარი ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა არ არის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
ხვედელიანს კითხვა დაუსვეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ხელისუფლებამ გახარიას პარტიას სხვადასხვა ეთერში ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ სალანძღავად ფული და სხვა პრივილეგიები შესთავაზა“.
როგორც ხვედელიანმა აღნიშნა, ახლა მეტი ყურადღება ქვეყნის ევროპული მომავლის გაცოცხლებას უნდა დაეთმოს.
„არ წარმოადგენს ეს განცხადება ჩვენთვის საინტერესო განცხადებას, ამიტომ ჩვენ ამას არ ვუპასუხებთ. ამჟამად ასეთი განცხადებები აზიანებს იმ პროცესებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს. ამ კომენტარზე პასუხი არ არის ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა. ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთაა, რომ დღესდღეობით უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების შესახებ ვისაუბროთ, ვისაუბროთ ჩვენი ევროპული მომავლის გაცოცხლებაზე, იმ ძალადობაზე, რასაც ავტორიტარული რეჟიმი ჩვენი მოსახლეობის და ჩვენ წინააღმდეგ აკეთებს. აქედან გამომდინარე, ამ განცხადებას საერთოდ არც გამოვეხმაურებით და ნამდვილად არ არის საინტერესო. მე არ ვიცი, რითი ხელმძღვანელობს ლევან ხაბეიშვილი ამ მიმართულებით, თუმცა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს არსებულ ვითარებას ჩვენს ქვეყანაში და ამ პოლიტიკურ საკითხებში ჩვენ არ უნდა შევიდეთ, რადგან ეს არ არის ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა“, – განაცხადა ხვედელიანმა.