ტატა ხვედელიანი - ეუთო/ოდირ-ის მოწვევა ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, მოეწვია, რადგან ოპოზიცია მონაწილეობს ამ არჩევნებში
„ქართულმა ოცნების“ მიერ ეუთო/ოდირ-ის მოწვევა არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამსახურება. ისინი იძულებული გახდნენ, მოეწვიათ, თუმცა ჩვენი პოლიტიკური გუნდი დააკირდება ამ პროცესს – როგორ მოხდება ეუთო/ოდირ-ის ინტეგრაცია არჩევნებზე, როგორ ჩამოვლენ, იქნება თუ არა მისია სრული, ამ მცირე დროში შეძლებენ თუ არა სრულყოფილ მონაწილეობას, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
ხვედელიანის თქმით, ეუთო/ოდირ-ი არის უმნიშვნელოვანესი აქტორი არჩევნების კონტექსტში.
„ძალიან მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა. „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, მოეწვია ეუთო/ოდირ-ი, რადგან ჩვენი გუნდი და ოპოზიცია მონაწილეობენ ამ არჩევნებში. „ქართულ ოცნებას“ აღარ ჰქონდა სხვა გზა და მოიწვია ასე დაგვიანებულად.
ყველა ეტაპზე ეუთო/ოდირ-ის დასკვნები იყო მწვავე და ძალიან შესაბამისი იმ მდგომარეობისა, რა მდგომარეობაც საქართველოშია. ეუთო/ოდირ-ის დასკვნები ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა დავაკვირდეთ ამ მოვლენებს, რადგან საინტერესოა, ამ მცირე დროში დასკვნების გათვალისწინებით, ეუთო/ოდირ-ი შეძლებს თუ არა არჩევნებში სრულყოფილ ჩართვას. იმ შემთხვევაში, თუ ეუთო/ოდირ-ი მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება მათ მიერ გამოტანილი დასკვნები, რადგან ჩვენ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ვიბრძვით“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ს სადამკვირვებლო მისიის მოწვევის წერილით მიმართა.