ტატა ხვედელიანი - ეს არ არის ოპოზიციის ერთობა, ბოიკოტისტების, 4 ოქტომბერზე პასუხისმგებელ ადამიანთა ერთობაა, ახლა ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა და მათ გამო ადამიანები ციხეებში არ სხედან
ტატა ხვედელიანი - ეს არ არის ოპოზიციის ერთობა, ბოიკოტისტების, 4 ოქტომბერზე პასუხისმგებელ ადამიანთა ერთობაა, ახლა ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა და მათ გამო ადამიანები ციხეებში არ სხედან

რეალურად, ეს არ არის ოპოზიციის ერთობა, პარტიების ნაწილის ერთობაა, რომლებიც ადრეც ერთად იყვნენ. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ბოიკოტისტების, 4 ოქტომბერზე პასუხისმგებელი ადამიანების ერთობა. ახლა ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა და მათ გამო ადამიანები ციხეებში არ სხედან, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ტატა ხვედელიანს ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე დაუსვეს კითხვა.

„ისინი თანხვედრაში არიან საკუთარ მიზნებთან. 4 ოქტომბრის პროვოკაციის განმახორციელებლები არიან, რომელიც ხელისუფლებამ დაგეგმა, რათა კიდევ მეტად გაძლიერებულიყო. ამ ადამიანებმა „ოცნებას“ გაძლიერებისთვის იდეალური გარემო შეუქმნეს. „ნაცურ“ წარმომავლობას რომ თავი დავანებოთ, ეს ადამიანები არიან ბოიკოტისტები. ჩვენ საბოლოო მიზნამდე 4-მა ოქტომბერმა დაგვაშორა“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, 2 მარტს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა შედგა, რომლის შემდეგაც ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ოპოზიციის ალიანსი შედგა, ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის“.

შეხვედრის მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც ხელს აწერენ: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.