ტატა ხვედელიანი - 4 სექტემბრამდე წარმოვადგენთ კანდიდატებს, მაქსიმალურ ვადას ვიყენებთ, რათა საუკეთესოზე საუკეთესო კანდიდატები შევარჩიოთ
4 სექტემბრამდე წარმოვადგენთ კანდიდატებს, მაქსიმალურ ვადას ვიყენებთ, რათა საუკეთესოზე საუკეთესო კანდიდატები შევარჩიოთ, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ორივე პარტია, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო“ ცდილობენ, ნეიტრალური კანდიდატები ჰყავდეთ.
„იცით, რომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული „ლელოსთან“. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ შევეწინააღმდეგებით ერთმანეთს წინასაარჩევნოდ, არ დავაზიანებთ. ორივე პარტია ვცდილობთ, წინასაარჩევნოდ კანდიდატებად მოვიპოვოთ ადამიანები, რომლებიც იქნებიან პარტიულად და პოლიტიკურად ნეიტრალურები, რათა ყველა ამომრჩევლის და სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლის გემოვნება დავაკმაყოფილოთ. პრიორიტეტს ნეიტრალურ კანდიდატებს მივანიჭებთ. მიმდინარე პროცესია, ამისთვის 4 სექტემბრამდე გვაქვს ვადა. 4 სექტემბრამდე წარმოვადგენთ ჩვენს კანდიდატებს, რომლებიც იქნებიან ღირსეულები, რათა საბოლოოდ შევცვალოთ ამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში დადგა. მიმდინარე პროცესია, სამუშაო პროცესია, ამისთვის დრო გვაქვს. შესაბამისი ვადა როცა ამოიწურება, საჯაროდ განვაცხადებთ ჩვენი კანდიდატურების შესახებ, პრეზენტაციაც გვექნება. ჩვენ ვიყენებთ მაქსიმალურ ვადას. არ ვიცი, როდის იქნება ეს, აგვისტოში თუ სექტემბერში, მთავარია, 4 სექტემბრამდე ვიყენებთ ვადას, რომ საუკეთესოზე საუკეთესო კანდიდატები შევარჩიოთ. პირველ რიგში, ესენი არიან ნეიტრალური კანდიდატები, რომლებიც მისაღები იქნებიან საზოგადოების სხვადასხვა წრისთვის“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
ამასთან, ტატა ხვედელიანს კითხვა დაუსვეს გიორგი გახარიას გეგმებთან დაკავშირებით.
როგორც ხვედელიანმა აღნიშნა, გახარია აგრძელებს შეხვედრებს და პარტნიორების დარწმუნებას, რომ ქართველი ერი არ უნდა დაისაჯოს.
„გიორგი გახარია არასდროს იმოქმედებს „ქართული ოცნების“ დღის წესრიგის შესაბამისად. მისი დღის წესრიგი დღეს არის იქ ყოფნა, სადაც ყველაზე მეტად და ეფექტიანად შეუძლია ქართველი ხალხის დახმარება. მან ეს მრავალჯერ გააკეთა, მაშინაც, როდესაც ევროპარლამენტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაარწმუნა, ვიზალიბერალიზაციის საკითხს არ შეხებოდა შეზღუდვები. 15 ივლისს მისი დამსახურებით არ გამოცხადდა ეს გადაწყვეტილება. ახლაც ამას აგრძელებს. გახარია აგრძელებს შეხვედრებს და პარტნირების დარწმუნებას, რომ არ უნდა ისჯებოდეს ქართველი ერი ასეთი არაეროვნული, არაქართული ხელისუფლებისთვის. ამ ყველაფერს აკეთებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალოს ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება, ისევ განვითარების ძველ კალაპოტს დავუბრუნდეთ“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.