ტასმანიაზე დადგამენ „დედამიწის შავ ყუთს“, რომელიც მომავალ თაობებს ეტყვის, რა დაგვემართა ჩვენ — #1tvმეცნიერება
დედამიწის დასალიერში, ავსტრალიის კუნძულ ტასმანიის ერთ მიყრუებულ ადგილას, ერთი უცნაური სტრუქტურა მსოფლიოს აღსასრულს მოესწრება და ჩაიწერს.
პროექტი, სახელად „დედამიწის შავი ყუთი“ ფოლადის გიგანტური კონსტრუქციაა, რომელიც სულ მალე აივსება მზის პანელებზე მომუშავე მყარი დისკებით; თითოეული მათგანი აღწერს და შეინახავს რეალური დროის სამეცნიერო მიღწევებსა და ანალიზებს მსოფლიოს ყველაზე დიდ პრობლემათა შესახებ.
მონოლითურ სტრუქტურაში ჩაიწერება ინფორმაცია კლიმატის ცვლილების, სახეობათა გადაშენების, გარემოს დაბინძურების, ჯანმრთელობაზე გავლენების შესახებ; თანაც ისე, რომ მომავლის საზოგადოებამ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ეს არქივი აღმოაჩინოს და ყველანაირი ცნობა მიიღოს იმის შესახებ, რა დაემართა ჩვენს პლანეტას.
„ვიდრე ჩვენი ცხოვრების სტილს დრამატულად არ შევცვლით, კლიმატის ცვლილება და ადამიანის მიერ გამოწვეული სხვა საფრთხეები ჩვენს ცივილიზაციას აღსასრულამდე მიიყვანს. დედამიწის შავი ყუთი ამ კატასტროფისკენ ჩვენ მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს ჩაიწერს. მუდმივად შეგროვდება და მომავალი თაობებისთვის უსაფრთხოდ შეინახება ასობით მონაცემთა წყება, გაზომვა და პლანეტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ურთიერთქმედებები“, — წერია დედამიწის შავი ყუთის ვებგვერდზე.
ერთი შეხედვით, ეს ყუთი ნორვეგიის ცნობილ „აპოკალიფსის საცავს“ ჰგავს და რეალურად, გარკვეულ, დამატებით მიზანს ემსახურება.
შპიცბერგენის გლობალური თესლების საცავი წარმოადგენს ციხეს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა მცენარეთა თესლების სარეზერვო საცავია იმ შემთხვევისთვის, თუ რაიმე გლობალური კატასტროფა მოხდება; დედამიწის შავი ყუთი კი შექმნილია, რათა მუდმივ რეჟიმში ჩაიწეროს მსოფლიოს ტრაექტორია მძიმე გასაჭირისკენ.
„იდეა იმაში მდგომარეობს, თუ კლიმატის ცვლილების გამო მსოფლიოს აღსასრული დადგება, ჩაწერის ეს ურღვევი მოწყობილობა სამუდამოდ დარჩება მათთვის, ვინც გადარჩება, რათა წარსულიდან გაკვეთილები ისწავლონ. მისი მიზანი ისიც არის, რომ ჩაიწეროს ყველაფერი ლიდერებზე, მათი ქმედებები ან უმოქმედობები“, — ამბობს მარკეტინგული სააგენტო Clemenger BBDO-ს აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი ჯიმ კურტისი.
პროექტს ერთობლივად ახორციელებენ Clemenger BBDO, კრეატიული სააგენტო The Glue Society და ტასმანიის უნივერსიტეტი; ის 2022 წლის დასაწყისში დასრულდება და ტასმანიაზე, გასაიდუმლოებულ ადგილას იქნება. თუმცა, მისი სისტემები უკვე ნაწილობრივ აქტიურია და ჩანაწერებს ბეტა ტესტირების რეჟიმში აკეთებს.
პროექტის ავტორთა განცხადებით, მისი ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ კაცობრიობას უარი ათქმევინოს აპოკალიფსურ სცენარზე, რადგან ასეთი დანადგარის არსებობამ შეიძლება თანამედროვე საზოგადოება წაახალისოს, რომ უფრო პროგრესულად და პასუხისმგებლობით იმოქმედონ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საჭირო მოქმედებათა თვალსაზრისით.
დედამიწის შავი ყუთი ბევრს შეიძლება ხალხის ყურადღების მისაქცევად გამიზნულ პიარ-სვლად მოეჩვენოს და არა სერიოზულ სამეცნიერო დოკუმენტაციის პროექტად, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიოს სასწრაფოდ ესაჭიროება უფრო მეტი ყურადღება და მოქმედება ამ პრობლემებისადმი.
მსოფლიოში, სადაც ყინულის ფენები გლობალური დათბობის უპრეცედენტო დონის გამო სტაბილურობას კარგავს, სადაც სათბური აირების გამოყოფას არასწორი გზით მივყავართ, სადაც წყლის მარაგი იწურება, სადაც ცხოველები ისე სწრაფად ქრებიან, რომ მეცნიერები პლანეტის მეექვსე მასობრივ გადაშენებაზე ალაპარაკდნენ — თვალის არიდების დრო ნამდვილად აღარ არის.
„ამ მოწყობილობის მიზანია იმ მოვლენათა მიუკერძოებლად აღწერა, რომლებიც პლანეტას აღსასრულს უქადის, მომავალი თაობებისთვის ანგარიშის მიწოდება და სასწრაფო მოქმედების შთაგონება. მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ დასრულდება ეს ამბავი“, — ამბობენ პროექტის ავტორები.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.