თასის ნახევარფინალისტები 2 ოქტომბერს დაწყვილდებიან
თასის ნახევარფინალისტები 2 ოქტომბერს დაწყვილდებიან

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური წყვილების წილისყრა 2 ოქტომბერს გაიმართება, – ინფორმაციას „საბურთალოს“ გვერდი აქვეყნებს.

როგორც ცნობილია, 24 და 25 სექტემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური შეხვედრები ჩატარდა, რომლის შედეგადაც ნახევარფინალში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სამი (თბილისის „ლოკომოტივი“, „საბურთალო“, ქუთაისის „ტორპედო“) და მეოთხე ლიგის ერთი წარმომადგენელი (საგარეჯოს „გარეჯი 1960“) გავიდნენ, მაგრამ წილისყრის დღე უცნობი იყო.

ფეხბურთის ფედერაციის ოფისში 2 ოქტომბერს შეკრებილი ამ ოთხი გუნდის წარმომადგენლები მხოლოდ შეიტყობენ, ნახევარფინალში ვის დაუწყვილდებიან.

თუმცა, ჯერაც უცნობია, თასის ნახევარფინალური თამაშები როდის გაიმართება, ფინალის ჩატარების მასპინძელი ქალაქის ვინაობა კი, ტრადიციულად, ნახევარფინალების შემდეგ გამოცხადდება.