ტაშკენტში შარლ მიშელისა და უზბეკეთის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა
ტაშკენტში შარლ მიშელისა და უზბეკეთის პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა

ტაშკენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელისა და უზბეკეთის პრეზიდენტის შავკატ მირზოევის შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეები მიესალმნენ ევროკავშირის სურვილს, გააძლიეროს უზბეკეთთან და ცენტრალურ აზიასთან კავშირების რეგიონთაშორისი თანამშრომლობა.

უზბეკეთისა და ევროკავშირის ლიდერებმა მზადყოფნა გამოთქვეს, მიმართონ ერთობლივ ძალისხმევას, რათა გაზარდონ მათი პოტენციალისა და შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენება. მხარეები მიესალმნენ გაძლიერებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პარაფირებას, რომელმაც უზბეკეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში ახალი გვერდი უნდა გახსნას და გააძლიეროს თანამშრომლობა ისეთ საკითხებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, უსაფრთხოება და ჰუმანიტარული საკითხები.

პრეზიდენტებმა იმედი გამოთქვეს, რომ დოკუმენტის ხელმოწერა და რატიფიცირება რაც შეიძლება მალე მოხდება. ევროკავშირმა დაადასტურა უზბეკეთის რეფორმების პოლიტიკისადმი მხარდაჭერა და იმედი გამოთქვა, რომ ეს რეფორმები იქნება მდგრადი, შეუქცევადი.

ევროკავშირმა ასევე ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სრული პატივისცემის მნიშვნელობას. ასევე საუბარი შეეხო უზბეკეთში ევროკავშირის კომპანიების ინვესტიციების მოზიდვას და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას.

შეხვედრისას მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირის ცენტრალური აზიის სტრატეგიის განხორციელების დაჩქარების საჭიროებაზე და მიესალმნენ ევროკავშირი-ცენტრალური აზიის კავშირების კონფერენციის გამართვის ინიციატივას, რომელიც სამარყანდში 2022 წლის 18 ნოემბერს ჩატარდება.

უზბეკური მხარე მზად არის, კონფერენციაზე წარადგინოს თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების „საგზაო რუკა“. შეხვედრისას მდგრადი სატრანსპორტო დერეფნების შექმნა, მათ შორის ტრანსკასპიური მულტიმოდალური მარშრუტის განვითარება, ორმხრივი ვაჭრობის გააქტიურებისთვის საკვანძო ფაქტორად დასახელდა. პრეზიდენტებმა განიხილეს საპორტო პოტენციალის გაფართოების, საბორნე და სარკინიგზო პოტენციალის გაზრდის, საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაციის, ტვირთების გადაზიდვისა და საზღვრის კვეთის პროცედურის გაციფრულების მნიშვნელობა.

უზბეკურმა მხარემ ისაუბრა თერმეზი-მაზარი-შარიფი-ქაბული-ფეშავარის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობაზე კავშირების გაძლიერებისთვის. ამასთან, უზბეკეთმა გამოთქვა ინიციატივა, 2023 წელს ევროკავშირი-ცენტრალური აზიის ტურიზმის პირველ ფორუმს უმასპინძლოს.

შარლ მიშელმა და შავკატ მირზოევმა ასევე განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას ცენტრალურ აზიაში კავშირების გასაძლიერებლად, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ კონტექსტში მხარეებმა აღნიშნეს, რომ დაუშვებელია, ავღანეთი რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის მუდმივ საფრთხედ გადაიქცეს.